კახა კალაძე: არ გვსურს, ჩვენი კომენტარები გაგებული იყოს რაიმე ტიპის ზეგავლენად
საქართველოს ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია. ამის შესახებ კახა კალაძემ, საქართველოში აშშ-ის ელჩის, იან კელის ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებაც და მოსახლეობაც ყოველდღიურად ვხედავთ და ვგრძნობთ აშშ-ის მხარდაჭერას თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით.
„ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ ზუსტად და არასწორი ინტერპრეტაციის გარეშე იცოდეს ელჩის მოსაზრება. 1. ელჩი პოზიტიურად აფასებს კორცხელთან დაკავშირებულ რეაგირებას. 2. რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის საქმეს: იან კელიმ ხაზი გაუსვა და, პირველ რიგში, შეეხო სასამართლოს დამოუკიდებლობის და პროცესის ობიექტურობის მნიშვნელობას.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ელჩმა აღნიშნა – მისთვის მიუღებელია ნებისმიერი საქციელი, რომელიც ჩრდილს მიაყენებს სასამართლო მოხელეს ან მთელ ინსტიტუტს, ისევე, როგორც ეს ხდება მის ქვეყანაში.
ელჩმა ასევე ზოგადი განცხადებისას ხაზი გაუსვა, რომ, მაგალითად, ამერიკაში საარჩევნო წელს ოპოზიციური მედიის მფლობელის და მენეჯმენტის შეცვლა იქნებოდა მიუღებელი და იმედი გამოთქვა, რომ ეს არც საქართველოსთვისაა მისაღები.
თუმცა, ელჩმა განცხადების დასაწყისშივე განაცხადა, რომ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და ამიტომ მხოლოდ ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა.
სამწუხაროდ, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მისი კომენტარი სახეცვლილად თარგმნა. ამასთან დაკავშირებით ყველას ახსოვს პრემიერ-მინისტრის კომენტარიც, დიახ, ზუსტად იგივე გზავნილი გაჟღერდა, რომ ხელისუფლებას არ შეიძლება ხელს აძლევდეს ამ საკითხში ჩარევა, ხელისუფლება პირველ რიგშია დაინტერესებული პროცესის ობიექტურად წარმართვით და განსაკუთრებით საარჩევნო წელს არავის სურს არხის მენეჯმენტში ან სარედაქციო პოლიტიკაში ცვლილებების ხილვა, თუმცა საბოლოო სიტყვა სასამართლოს ეკუთვნის და არ გვსურს, ჩვენი კომენტარები გაგებული იყოს რაიმე ტიპის ზეგავლენად“,-განაცხადა კახა კალაძემ.