ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო, სადაც ალექსანდრე ბარამიძემ დამსწრე საზოგადოებას უწყების მიერ ბავშვთა უფლებების დასაცავად განხორციელებული საკანონმდებლო რეფორმები გააცნო.
იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ალექსანდრე ბარამიძემ მიმოიხილა ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე დაფუძნებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც არასრულწლოვნისთვის ლიბერალურ მართლმსაჯულებას აწესებს. ბავშვებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იქნება გამოყენებული, არასრულწლოვანთა საქმეებს მხოლოდ სპეციალიზებული მოსამართლეები, პროკურორები, ადვოკატები და სხვა პროფესიონალები განიხილავენ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელსაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ითვალისწინებს, სასჯელის მოხდისთანავე ნასამართლობის მოხსნაა. მინისტრის მოადგილემ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზეც ისაუბრა. ამასთან, მან მიუსაფარი და ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დასაცავად სამინისტროს მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე გაამახვილა ყურადღება.
ალექსანდრე ბარამიძის თქმით, კანონში გაჩნდება „მიუსაფარი ბავშვის“ ცნება. იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები უფასოდ გაიცემა, ეს კი მათ საშუალებას მისცემთ, ჩაერთონ ჯანდაცვის, სოციალურ და სხვა სახელმწიფო პროგრამებში. მსოფლიო 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით, ჯანდაცვის, განათლების, იუსტიციისა და სპორტის სამინისტროებმა, ბავშვზე ზრუნვის მიმართულებით ანგარიში წარადგინეს. ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია „ექსპო-ჯორჯიაში“ გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები