დიმიტრი ქუმსიშვილმა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული საწარმო დაათვალიერა

თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში პარკეტის ახალი საწარმო ამუშავდა, რომელიც ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა. საწარმო ამხანაგობა „ძევრის მერქანს“ ეკუთვნის.
სამი კაცისგან შემდგარმა ამხანაგობამ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში სახელმწიფოსგან 15 000 ლარის დაფინანსება მოიპოვა და სოფელ ძევრში პარკეტისა და ასევე ინტერიერისთვის აუცილებელი სხვადასხვა ზედაპირის მქონე ხის მასალის წარმოება დაიწყო. საკუთარი თანამონაწილეობითა და პროგრამით გათვალისწინებული თანადაფინანსებით ამხანაგობის წევრებმა შეიძინეს პარკეტის მწარმოებელი ხაზი და პროდუქციის დამზადებას ევროპული ტექნოლოგიებით ახორციელებენ.
„ვესტუმრეთ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მიკრომეწარმეობის კომპონენტში გამარჯვებულ კომპანიას. მისმა წარმომადგენლებმა, ამხანაგობის შექმნის შემდეგ, სახელმწიფოსგან მიიღეს 15 000 ლარიანი გრანტი, მოახდინეს საწარმოს გაფართოება და შესაბამისად, დღეს აქ ხორციელდება არამარტო მერქნის პირველადი გადამუშავება, არამედ პარკეტის წარმოება, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა“ – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ამხანაგობა „ძევრის მერქანის“ დირექტორის ინფორმაციით, ხის გადადამუშავებელ დაზგა-დანადგარებთან ერთად, საწარმოს ასევე აქვს ე.წ. სახარში, რომელშიც ხდება ხის მოხარშვა და შემდგომში მისი ტრანსპორტირება ახალ შენობაში საბოლოო პროდუქტის მიღების მიზნით. ამ დროისთვის საწარმოში დასაქმებულია 6 ადგილობრივი ადამიანი, უახლოეს მომავალში კი დამატებით 6 ადამიანის დასაქმება იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები