სერგეი აზიზოვი – აფხაზეთი ღირსია, რომ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) წევრი გახდეს
„აფხაზეთი ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) წევრობას იმსახურებს“. ამის შესახებ სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე ფედერაციის მატჩ-აგენტმა სერგეი აზიზოვმა განაცხადა.
„მიმაჩნია, რომ აფხაზეთი ფიფას წევრი უნდა გახდეს. მას აქვს საკუთარი მიწა, მთავრობა, ენა და, რაც მთავარია, კარგი ფეხბურთი. აფხაზეთში ხალხს უყვარს ფეხბურთი, აქ ლეგენდარული ფეხბურთელები გაიზარდნენ“, – განაცხადა აზიზოვმა.
მან ასევე ჟურნალისტებს უთხრა, რომ ფიფას ხელმძღანელობასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება აფხაზეთის ნაკრების მონაწილეობით ამხანაგური მატჩის ჩატარების შესახებ.
პრესკონფერენციაში მონაწილე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პირველმა ვიცე-პრემიერმა შამილ არძინბამ განაცხადა, რომ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციაში აფხაზეთის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ამჟამად არაღიარებული ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატი მიმდინარეობს.