კარასინი ხურჩაში მომხდარ მკვლელობასთან რუსული მხარის კავშირს უარყოფს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი სოფელ ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან რუსული მხარის კავშირის შესახებ ქართული მხარის ბრალდებებს უარყოფს. ამის შესახებ კარასინმა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
“ჟენევის თანათავმჯდომარეებთან გამართულ შეხვედრაზე 19 მაისს, საქართველო-აფხაზეთის საზღვართან მომხდარი ინციდენტი განვიხილეთ. რუსული მხარე კატეგორიულად უარყოფს ქართული მხარის ბრალდებას, ინციდენტში რუსი მესაზღვრეების მონაწილეობის შესახებ”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
კარასინი ევროკავშირის წარმომადგენელს, ჰერბერტ ზალბერს, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, ჰიუნტერ ბეხლერს და გაეროს წარმომადგენელს, ანტი ტურუნენს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს ჟენევის მოლაპარაკებისთვის მზადების საკითხები, რომელიც 14-15 ივნისს გაიმართება და გალში 27 მაისს გამართული ოთხმხრივი შეხვედრის შედეგები.