მიხეილ ჯანელიძე: აფხაზეთში ჩატარებულ არანაირ საფეხბურთო ტურნირს ლეგიტიმაცია არ ექნება

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე „სპუტნიკ აფხაზიას” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც საუბარია აფხაზეთში, არაღიარებული ქვეყნების ფეხბურთის ჩემპიონატთან დაკავშირებით.
მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, აფხაზეთში ჩატარებულ არანაირ საფეხბურთო ტურნირს ლეგიტიმაცია არ ექნება.
მინისტრი ასევე გამოეხმაურა საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკ აფხაზიას” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთში ფიფა-ს წარმომადგენლები აპირებენ ჩასვლას.
”რაც შეეხება აფხაზეთში ფიფას წარმომადგენლის ჩასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ეს დადასტურებული არ არის, ჩვენ ვამოწმებთ ამ ინფორმაციას და თუ დადასტურდა, შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკ აფხაზიას” ინფორმაციით, აფხაზეთი, ხვალ არაღიარებული ქვეყნების ფეხბურთის ჩემპიონატის პირველ თამაშს უმასპირძლებს. ფეხბურთის დამოუკიდებელი ასოციაციების კონფედერაციის (ConIFA) ვიცე- პრეზიდენტის, დიმიტრი ფაღავას განმარტებით, ჩემპიონატის მიმდინარეობას 16 მსაჯი გააკონტროლებს.
„სპუტნიკ აფხაზიას” ინფორმაციით, ფიფა-ს წარმომადგენლები სოხუმში, 30 მაისს ჩავლენ და დე ფაქტო სახელმწიფოების ჩემპიონატის მიმდინარეობას დააკვირდებიან.
ConIFA-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთის ჩემპიონატში, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთი უმასპინძლებს, 12 არაღიარებული სახელმწიფოს საფეხბურთო გუნდი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის არაღიარებული აფხაზეთის, ქურთისტანის, ჩრდილოეთ კვიპროსის, პენჯაბის, ჩაგოს კუნძულის, პადანიას, რეციას, ლაპლანდიას, სომალილენდის, სეკეის, კორეელების ერთობა იაპონიაში, დასავლეთ სომხეთის გუნდები.
ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დე ფაქტო სახელმწიფო ტურნირს გამოეთიშა, მიუხედავად ამისა, ConIFA სამომავლოდ მონაწილე გუნდების რაოდენობის გაზრდას აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები