პაატა ზაქარეიშვილი: გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის აზრით, გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები თავის დროზე რომ არ გაჩერებულიყო, შესაძლებელი იქნებოდა ხურჩის ტრაგედიის თავიდან აცილება. როგორც პაატა ზაქარეიშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, აღნიშნული მექანიზმის აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ერგნეთის შეხვედრების მსგავსად ადგილზე, ლოკალურ საკითხებს აგვარებს. „იქ არის უამრავი თემა – გადაადგილების უფლება, განათლების საკითხები. სამწუხაროდ, ვერანაირი ინსტრუმენტით ვერ ვიღებდით ინფორმაციას, რა ხდებოდა გალის რაიონში. არ მინდა სპეკულირება, მაგრამ გალის შეხვედრები რომ არ გაჩერებულიყო თავის დროზე, მე მგონი, სულ სხვა ვითარება იქნებოდა იგივე ხურჩაში. არ მინდა შორს მიმავალი დასკვნები გავაკეთო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სტაბილური ვითარება იქნებოდა იგივე ხურჩაში, სადაც შეიძლებოდა თავიდან აცილებული ყოფილიყო ეს ტრაგედია. ასეთი შეხვედრებით მუდმივად პულსზე გვაქვს ხელი და ერგნეთი ამას ადასტურებს. ბევრი საკითხი ერგნეთში შეიძლება ვერ წყდება, მაგრამ ის მაინც ვიცით, რატომ ვერ წყდება. თუმცა, ფაქტია, რომ ძალიან ბევრი ყოფითი საკითხი წყდება. ეს არის ჟენევის მოლაპარაკებების გაგრძელება, სადაც ადგილზე არსებული პრობლემები ან გვარდება, ან ვიცით, რატომ ვერ გვარდება“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები