“ქართულმა მხარემ გალში, შეხვედრის მონაწილეებს გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ამსახველი ვიდეო გადასცა”
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის საგანგებო შეხვედრის ჩატარების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
დე ფაქტო უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა 19 მაისს, სოფელ ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტი იყო.
“ქართულმა მხარემ შეხვედრის მონაწილეებს გამოძიების მასალები და მკვლელობის ამსახველი ვიდეო გადასცა. შეხვედრამ კონსტრუქციულ ატმოსფეროში ჩატარდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მუშაობა გაგრძელდეს”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეხვედრაზე „აფხაზურ მხარეს“ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ არლანი ხელმძღვანელობდა.
აფხაზურ ჯგუფში მონაწილეობდნენ გალის რაიონის განყოფილების „ხელმძღვანელი“ თემურ შერგელია, აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მთავარი განყოფილების უფროსის მოადგილე ასტამურ ყოლბაია, აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს გალის რაიონის სამმართველოს ხელმძღვანელი გია ჩაჩხიანი და ე.წ. საგარეო უწყების საინფორმაციო დეპარტამენტის უფროსი თენგიზ ტარბა.
შეგახსენებთ, რომ ოთხწლიანი წყვეტის შემდეგ პირველად, გალში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის საგანგებო შეხვედრა დღეს, 27 მაისს გაიმართა.