საქართველოს ხელისუფლება მოითხოვს, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს

გალში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ მოითხოვა, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს. ამის შესახებ ხუთმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.
ბერაიას თქმით, შეხვედრა მშვიდ ვითარებაში წარიმართა.
„მათი მხრიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ საქმეს იძიებს დე ფაქტო ხელისუფლების ე.წ. სამხედრო პროკურატურა. ინფორმაცია განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირის დაკავების შესახებ არ დაგვიდასტურეს. რაც შეეხება გადმოცემის საკითხს, მათ გვითხრეს, რომ ამას სჭირდება შესაბამისი სამართლებრივი ბაზა და ბუნებრივია, ამაზე საუბარი არის ნაადრევი. ჩვენთვის ეს თავისთავად მიუღებელია, იმიტომ რომ ენგურის ხიდს გაღმა არ არსებობს საერთაშორისო სამართლის არანაირი სუბიექტი, არსებობს ჩვეულებრივი ოკუპირებული ტერიტორია, რომელზეც კონტროლი ხორციელდება საოკუპაციო ძალის მიერ და ჩვენი მთავარი მიზანი ამ მიმართულებით იქნება უცვლელი, ჩვენი პოზიცია პრინციპული, მოთხოვნები არ შეიცვლება,  ყველა ფორმატში დავაყენებთ მოთხოვნას იმის შესახებ, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელი წარსდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მომდევნო შეხვედრა გალში 6 ივლისს გაიმართება. მისივე თქმით, ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი
ივნისში დაგეგმილ ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზეც იქნება განხილული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები