მამუკა არეშიძე: გიგა ოთხოზორიას მკვლელი ქართულ-აფხაზური ომის გმირის შვილია, რომელიც პრაქტიკულად ამ ომს შეეწირა
ექსპერტი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელის ქართული მხარისთვის გადმოცემა არ მოხდება, თუმცა „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას, მან ისიც განაცხადა, რომ აფხაზეთში მცხოვრები საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ დამნაშავე აუცილებლად უნდა დაისაჯოს. არეშიძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ მკვლელი ლაზია და არა აფხაზი.
„თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ დამნაშავის ქართული მხარისთვის გადმოცემა არ მოხდება, თუმცა ამას ვამბობ იმიტომ, რომ არ არის გამორიცხული ამის მცირე შანსი მაინც არსებობდეს.
რაც შეეხება აფხაზური მხარის პოზიციას, საინტერესო დებატები იმართება აფხაზურ სოციალურ ქსელში. არსებობს საზოგადოების პატარა პროცენტი, რომელიც თვლის, რომ ეს ფაქტი უნდა იყოს სამართლებრივ ჩარჩოში გადაყვანილი და დამნაშავე უნდა დაისაჯოს. ეს ის კატეგორიაა, რომელიც ამინდს არ ქმნის აფხაზურ პოლიტსივრცეში, მაგრამ ამინდს ქმნიან აფხაზურ სოციალურ ქსელში. ეს ხალხი ამბობს – ჩვენ ვცდილობთ, ვიყოთ ცივილიზებული სახელმწიფო და, აქედან გამომდინარე, მსოფლიოს თვალში მოვიქცეთ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორადო.
დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეს პიროვნება რომ აფხაზი ყოფილიყო შესაძლოა, ამ ამბავს ასეთი შედეგი არ მოჰყოლოდა. შესაძლოა, ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა, მაგრამ ამას აუცილებლად უნდა გაესვას ხაზი. ის ლაზია, შეიძლება აფხაზობს, მაგრამ წარმოშობით მაინც ლაზია და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ის ქართულ-აფხაზური ომის გმირის შვილია, რომელიც პრაქტიკულად ამ ომს შეეწირა, აფხაზების მხარეს ვგულისხმობ, აფხაზური საზოგადოებისთვის ის მაინც არ არის აფხაზი. აფხაზური მხარის ასეთი გადაწყვეტილება ამანაც განაპირობა, სხვა შემთხვევაში, ჩაერეოდა მთელი გვარი და რთული იქნებოდა ამ საქმის გამოძიება. ხშირ შემთხვევაში, აფხაზური მხარე ვერ ახერხებს იქ დანაშაულის მონაწილის, დამნაშავის დაპატიმრებას იმიტომ, რომ იქ მაშინვე შუაში ჩადგება კლანი. ეს ის ნიუანსია, რომლისთვისაც ხაზი უნდა გამესვა“, – განაცხადა არეშიძემ.