27 მაისს, გალში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის საგანგებო შეხვედრა გაიმართება
ქართული მხარის მოთხოვნით, 4-წლის შემდეგ პირველად, 27 მაისს, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) საგანგებო შეხვედრა გაიმართება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში ქართული მხარე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საოკუპაციო ხაზზე განლაგებული ე.წ. მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საკითხს დააყენებს.
„აღნიშნულმა ფაქტმა კიდევ ერთხელ ცხადყო აფხაზეთში უსაფრთხოების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა და ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობა“,- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
ამასთან, 24 მაისს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი დავით დონდუა თავის რუს კოლეგას, გრიგორი კარასინს, ტელეფონით დაუკავშირდა და გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის დაუყოვნებლივ ჩატარების საკითხი განიხილა.