მურატ ჯიოევი საქართველოს ხელისუფლებისგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერის სპეცწარმომადგენელი პოსტკონფლიქტური მოგვარების საკითხებში მურატ ჯიოევი აცხადებს, რომ საქართველოსგან კვლავ საფრთხე მომდინარეობს და უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმების ხელმოწერა განსაკუთრებით აქტუალურია.
სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, ამის თაობაზე ჯიოევმა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან ცხინვალში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
ჯიოევმა აღნიშნა, რომ ივნისში ჟენევაში დაგეგმილ დისკუსიებზე ცხინვალის წარმომადგენლები ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ინიციატივით კვლავ გამოვლენ.
„საქართველოს ხელისუფლება მუქარას განაგრძობს. ჩვენს დიდ შეშფოთებას იწვევს ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნები. ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ მომზადებული ქართველი სამხედროები რეგიონის სტაბილურობას საფრთხეს უქმნიან“, – განაცხადა ჯიოევმა.
ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარემ ევროკავშირის მხრიდან ჰერბერტ ზალბერმა განაცხადა, რომ მოლაპარაკების ამ ფორმატის მთავარი ფუნქციაა რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება და ეს პროცესი გაგრძელდება.