აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო უწყება გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო უწყება 19 მაისს, დე-ფაქტო საზღვარზე საქართველოს მოქალაქის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში აღნიშნული ინციდენტის განხილვას ქართულ მხარესთან გეგმავს.
უწყება აღნიშნავს, რომ ამ ინციდენტის განხილვას უახლოეს მომავალში, გალში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე გეგმავს.
გარდა ამისა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამხედრო პროკურატურა, ე.წ. საგარეო უწყების შუამავლობით, 14-15 ივნისს, ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდზე აპირებს საქართველოს კომპეტენტური ორგანოებისთვის მიმართვას თხოვნით, გადასცენ მხარეს მათ ხელთ არსებული ყველა მასალა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.
ე.წ. უწყების ვერსიით, საკონტროლო-გამშვებ პუნქტ ნაბაკევის ტერიტორიაზე აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის სასაზღვრო დანაყოფის სამხედრო მოსამსახურესა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას შორის მოხდა კონფლიქტი იმის გამო, რომ მას საჭირო დოკუმენტების არქონის გამო, აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა. მოვლენები გაგრძელდა ქართულ ტერიტორიაზე, სადაც ოთხოზორია ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
ე.წ. უწყება აღნიშნავს, რომ ე.წ. სამხედრო პროკურატურამ სამხედრო მოსამსახურის წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით.
ამასთან, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ქართულ მხარეს მოუწოდებს, არ გამოიყენოს სოფელ ხურჩაში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტი ვითარების დაძაბვისთვის. ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ საქართველო მომხდარით საინფორმაციო ომში პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს, რადგან აფხაზეთში არსებულ ვითარებას წარმოაჩენს, როგორც აბსოლუტურად უკონტროლოს და ინციდენტზე სრულ პასუხისმგებლობას რუსულ მხარეს აკისრებს. სოხუმის საოკუპაციო რეჟიმი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდამდე და გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავოს შეფასებებისა და დასკვნების გაკეთებისგან.
შეგახსენებთ,რომ 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია, რომელიც მოგვიანებით ზუგდიდის ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები