არჩილ თალაკვაძე: სანამ მკვლელი არ დაისჯება, ჩვენ არ გავჩერდებით

სანამ მკვლელი არ დაისჯება, ჩვენ არ გავჩერდებით, გამოვიყენებთ ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივ მექანიზმს, რომ ეს ფაქტი არ დარჩეს დაუსჯელი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ  ხურჩაში მომხდარი მკვლელობის შესახებ საუბრისას, „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მალე პროკურატურა სასამართლოს მიმართავს ძებნის თაობაზე და საერთაშორისო მასშტაბითაც დაიწყება ამ ადამიანის ძებნა.
„მინდა, სამძიმარი ვუთხრა გიგა ოთხოზორიას ოჯახს, ეს არის ნამდვილად ტრაგიკული შემთხვევა. კიდევ ერთი უდანაშაულო მსხვერპლი იმ უსამართლობის, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
სანამ მკვლელი არ დაისჯება, ჩვენ არ გავჩერდებით, გამოვიყენებთ ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივ მექანიზმს, რომ ეს ფაქტი არ დარჩეს დაუსჯელი. იცით, რომ შსს-მ დაიწყო გამოძიება დაუყოვნებლივ და სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დახმარებით უმოკლეს დროში დაადგინა სავარაუდო მკვლელი. რაშიდ კანჯიოღლი პასუხისგებაში მისცა პროკურატურამ 108-ე და 236-ე მუხლებით, ასევე დამატებით უნდა გითხრათ, რომ სულ მალე პროკურატურა მიმართავს სასამართლოს ძებნის თაობაზე და საერთაშორისო მასშტაბითაც დაიწყება ამ ადამიანის ძებნა. ეს ადამიანი უკვე მიეცა პასუხისგებაში, ბრალი მას დაუსწრებლად წარედგინა  და მე დარწმუნებული ვარ, დღეს ამ პოზიციიდან, რომ მასთან მიმართებაში მართლმსაჯულება აუცილებლად აღსრულდება.
ჩვენ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო თანამეგრობასთან, ასევე ვთანამშრომლობთ ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან და გვაქვს შიდა ეროვნული მექანიზმები, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე მომხდარი დანაშაულის აღკვეთას და მის დასჯას ითვალისწინებს“, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, თალაკვაძემ 2007-2012 წლებში მომხდარი მსგავსი შემთხვევიც გაიხსენა.
„ეს არ არის პირველი ფაქტი, 2007 წლიდან 2012 წლამდე, სამწუხაროდ, შემიძლია არაერთი ანალოგიური ფაქტი მოვიყვანო, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული ადამიანები თავს ესხმოდნენ ჩვენს მოქალაქეებს, თუნდაც 2007 წლის იანვრის  შემთხვევა, როდესაც პოლიციის საგუშაგოზე მოხდა თავდასხმა და იყო მსხვერპლი, როდესაც სკოლის მოსწავლე დაგვიჭრეს საჩხერეში, ასევე, როდესაც რუსმა ოკუპანტებმა ყუმბარმტყორცნიც კი ისროლეს ჩვენი მიმართულებით. 2012 წლიდან დღემდე ეს არის პირველი შემთხვევა“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები