თამაზ მეჭიაურმა პარტია ”ქართული ოცნება” დატოვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა პარტია ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” დატოვა. ამის შესახებ თამაზ მეჭიაურმა პრემიერ-მინისტრსა და ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ამ წუთიდან ტოვებს პარტიას, მაგრამ რჩება საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში, ფრაქცია ”ქართულ ოცნებაში”, ასევე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ.
”მე ვუთხარი, რომ კომიტეტსაც დავტოვებდი, თუმცა ფრაქციიდან არ ჰქონდა ამას მხარდაჭერა. მთხოვეს, რომ დავრჩენილიყავი – ვრჩები პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე. მხარს დავუჭერ უმრავლესობას ძირითად საკითხებში, გარდა იმ საკითხებისა, რომლებიც განხეთქილების მიზეზი გახდა”, – განაცხადა მეჭიაურმა და ამ კონტექსტში საგარეო ორიენტაცია დაასახელა.
მისივე ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა, რომელიც მის გადაწყვეტილებას დადებითად შეხვდა.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, დეპუტატმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად იმოქმედებს, თუმცა კონკრეტულ გეგმებს უახლოეს მომავალში გაასაჯაროებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები