ხურჩაში მომხდარი მკვლელობა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა (ვიდეო)
ხურჩაში მომხდარი მკვლელობა ე.წ. სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან დამონტაჟებულმა უსაფრთხოების სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.
ვიდეომასალაში, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა გაავრცელა, ჩანს, როგორ გადმოდიან ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმის სამხედროები და გიგა ოთხოზორიას ჯერ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ, შემდეგ კი ესვრიან.
კამერამ ბოლო საკონტროლო გასროლაც დააფიქსირა, რომელიც ახალგაზრდა მამაკაცს თავის არეში მიაყენეს. ამის შემდეგ, სამხედროები შემთხვევის ადგილს ტოვებენ და ე.წ. საზღვრისკენ ბრუნდებიან. ეს ვიდეომასალა ქართველმა სამართალდამცველებმა უკვე ამოიღეს. სწორედ ეს კადრები აჩვენეს მკვლელობის თვითმხილველ ადგილობრივებს ეჭვმიტანილების ამოსაცნობად.
შეგახსენებთ, რომ 19 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ინციდენტის შედეგად დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.