საქართველოს სკოლებში გამოსაშვები გამოცდები დღეიდან დაიწყება

საქართველოს სკოლებში გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს დაიწყება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის განცხადებით, გამოსაშვები გამოცდები წელსაც CAT-ის (კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტი) პრინციპით ჩატარდება. გამოსაშვებ გამოცდებზე მოსწავლეებს სიახლეები არ ელოდებათ.
”ვითარება ისეთივეა, როგორც წინა წლებში იყო. ბარიერის აწევის შემთხვევაში, მოსწავლეების საკმაო რაოდენობა ატესტატის გარეშე დარჩება და, რა თქმა უნდა, ეს არ იქნება სწორი. ბარიერი ისევ ძალიან დაბალი, მიზერულია. ყველა საგანში 5,5-ია”, – აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მე-12 კლასელები გამოსაშვებ გამოცდებს შემდეგი განრიგით ჩააბარებენ:
21 მაისი: ქართული ენა და ლიტერატურა; ქართული, როგორც მეორე ენა; გეოგრაფია; 22 მაისი: უცხოური ენები; ბიოლოგია; 23 მაისი: ისტორია; ფიზიკა; 24 მაისი – მათემატიკა; 25 მაისი – ქიმია.
რაც შეეხება მე-11 კლასის სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს, მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების განრიგი ასეთია: 12 ივნისი – გეოგრაფია; 13 ივნისი – ბიოლოგია; 14 ივნისი – ფიზიკა; 15 ივნისი – ქიმია.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს სურვილის შემთხვევაში ნებაყოფლობით, გამოსაშვები გამოცდების დაწყებამდე პრეტესტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ. ე.წ. სავარჯიშო დღე 20 მაისია. პრეტესტში შეფასება არ იწერება.
გამოსაშვები გამოცდები საქართველოს 1600-მდე სკოლაში გაიმართება. წელს მე-12 კლასელების რაოდენობა, დაახლოებით, 44 000-ია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები