ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურამ ე.წ. საზღვარზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საქმე აღძრა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამხედრო პროკურატურამ ე.წ. საზღვარზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საქმე აღძრა.
სოფელ ხურჩასთან, საქართველოს მოქალაქე გიგლა ოთხოზორია რუსმა მესაზღვრეებმა 19 მაისს მოკლეს. ე.წ. პროკურატურა იუწყება, რომ, წინასწარი ინფორმაციით, 19 მაისს ორი მამაკაცი ენგურის ე.წ. საზღვარზე გადასვლას ცდილობდა. მათ თან საბუთები არ ჰქონდათ.
ერთ-ერთი ე.წ. მესაზღვრეების მოთხოვნას დაემორჩილა და უკან გაბრუნდა, მეორე კი ე.წ. მესაზღვრეს თავს დაესხა.
ე.წ. პროკურატურა იუწყება, რომ რუსმა სამხედრომ თავდაპირველად ჰაერში გაისროლა, ხოლო შემდეგ მამაკაცს ესროლა, რომელიც მას თავს დაესხა და გაგუდვას უპირებდა. ამავე ინფორმაციის მიხედვით, დაჭრილი მამაკაცი ზუგდიდის რაიონში წაიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა. ე.წ. პროკურატურის წარმომადგენლებმა უნდა დაადგინონ, რამდენად დაიცვა ე.წ. მესაზღვრემ წესდებით გათვალისწინებული მოთხოვნები.