პრემიერ-მინისტრი: რაც გუშინ ხურჩაში მოხდა, უდიდესი ტრაგედიაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხურჩაში მომხდარ ინციდენტს ამაზრზენს უწოდებს. მისი შეფასებით, რაც გუშინ ხურჩაში მოხდა, უდიდესი ტრაგედიაა.
„ეს არის ამაზრზენი შემთხვევა. მართლაც, უდიდესი ტრაგედიაა, რომ ადამიანი, მით უმეტეს, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, უმოწყალოდ მოკლეს. ეს არის უდიდესი ტრაგედია, მაგრამ კიდევ უფრო დიდი ტრაგედიაა, რომ ამით ცდილობენ, ხელი შეუშალონ იმ პროცესს, რომელიც ახლა მიდის.
ჩვენ ვდგავთ რაღაც ნაბიჯებს, რომ აღვადგინოთ ნდობა ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის. მე გამოვთქვამ რწმენას, რომ, უპირველეს ყოვლისა, დამნაშავე დაისჯება და დაისჯება ძალიან მკაცრად. ჩვენ ჩავრთავთ ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორს, რომ არავითარ შემთხვევაში დაუსჯელი არ დარჩეს, ვინც ეს საშინელი დანაშაული ჩაიდინა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.
პრემიერ-მინისტრმა ხურჩაში გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და იმედი გამოთქვა, რომ თვითონ აფხაზებიც შეხედავენ ამ შემთხვევას, რომ ეს არის პირდაპირი პროვოკაცია იმ პროცესის საწინააღმდეგოდ, რომელიც დღეს მიმდინარეობს. „შეიძლება, პოლიტიკურად ჩვენ დიდი შედეგი არა გვაქვს, მაგრამ ხალხთა შორის ურთიერთობაში გარკვეული პროგრესი გვაქვს. მინდა, ეს პროცესი გაგრძელდეს. ამიტომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ დამნაშავეები მკაცრად დაისაჯონ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები