ეკა ბესელია: პარლამენტის მხრიდან კანონის გადაგზავნის პროცედურაში დროის გაჭიანურებას ადგილი არ ჰქონია

პარლამენტის მხრიდან კანონის გადაგზავნის პროცედურაში დროის გაჭიანურებას ადგილი არ ჰქონია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონის გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განუცხადა.
როგორც ბესელიამ განმარტა, პარლამენტმა როგორც კი კანონი მიიღო, ის იურიდიულ დეპარტამენტს ჩაბარდა, რაც მისი თქმით, აუცილებელი პროცედურაა იმისთვის, რომ მიღებული კანონი რედაქციულად გასწორდეს.
“გუშინ, დადგენილ ვადაში კანონი პრეზიდენტს გადაეგზავნა. გუშინ, სანამ მიღებული კანონი პრეზიდენტს გადაეგზავნებოდა, კანონპროექტის ნათარგმნი მასალა თავისი განმარტებითი ბარათით და ოფიციალური წერილით დიპლომატიური არხებით ვენეციის კომისიას გადაეგზავნა. როგორც წესი, ეს დოკუმენტი საგარეო საქმეთა სამინისტროს საშუალებით იგზავნება. უფრო მეტიც, გუშინვე, ჩემი პირადი ელექტრონული ფოსტით ყველა დოკუმენტი გავუგზავნე ვენეციის კომისიას, რათა ვენეციის კომისიას უფრო სწრაფად ჩაბარდეს, ვიდრე ოფიციალურად ჩაბარდება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ამასთან, ბესელიასთვის უცნობია, პრეზიდენტის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ახალი კანონის ვენეციის კომისიისთვის გადაგზავნა რატომ მოხდა.
„ალბათ, პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ, რატომ გადაგზავნა იმიტომ, რომ ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ დოკუმენტები მზადდებოდა და თარგმანი იყო აუცილებელი, რომელსაც ველოდებოდით და დოკუმენტაცია ვენეციის კომისიას გადაეგზავნებოდა. ეს არაერთხელ გაცხადდა და მის მხრიდან დამატებითი გაგზავნა რატომ მოხდა, არ ვიცი, მაგრამ ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, უბრალოდ, ეს შეგიძლიათ, პირადად მას ჰკითხოთ. ჩვენი მხრიდან, კანონის გადაგზავნის პროცედურაში არავითარ გაჭიანურებას ადგილი არ ჰქონია. პირიქით, ჩვენს ინტერესებში იყო, რომ ის რაც შეიძლებოდა სწრაფად გადაგზავნოდა პრეზიდენტს ხელმოსაწერად და ვენეციის კომისიას“, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები