დავით უსუფაშვილი „ლიბერალ ინტერნაციონალის“ პრეზიდენტს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა „ლიბერალ ინტერნაციონალის“ პრეზიდენტს, ჯული მინოვეს-ტრიქველის და აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს უმასპინძლა.
დავით უსუფაშვილმა სტუმრებს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„დღეს მე მაქვს საშუალება, „ლიბერალ ინტერნაციონალის“ პრეზიდენტს, ბატონ ჯუდი ტრექველს და მის თანმხმლებ პირებს ვუმასპინძლო. საქართველოში „ლიბერალ ინტერნაციონალის“ აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრა ტარდება. ჩამოსულია ძალიან ბევრი პოლიტიკოსი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა საქართველოსთვის. პირველად ტარდება მსგავსი ღონისძიება პოსტსაბჭოურ სივრცეში. ჩვენ გვქონდა საუბარი ჩვენს თანამშრომლობაზე, ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე, ლიბერალურ – დემოკრატიული პარტიების საერთაშორისო თანამშრომბაზე. მე მადლობა მოვახსენე კოლეგებს ძალიან მყარი მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტის, ჩვენი განვითარების და იმედი გამოვთქვი, რომ ეს ყველაფერი გაგრძელდება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
როგორც „ლიბერალ ინტერნაციონალის“ პრეზიდენტმა აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ მთავრობამ და “რესპუბლიკურმა პარტიამ“ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს. „ჩვენთვის დიდი პატივია საქართველოში ყოფნა. ბევრი საკითხი განვიხილეთ, თუმცა ხაზგასმით აღვნიშნავდი იმ საკითხებს, რომლებიც საქართველოს “რესპუბლიკური პარტიისა“ და საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში მიღწეულ წარმატებებს უკავშირდება – კერძოდ, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და ევროკავშირთან დაახლოებას. განსაკუთრებით, იმ იდეას, რომ თქვენ შეძლებთ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას, რაც გვიჩვენებს, რომ საქართველო პატივსაცემი და დაფასებული ქვეყანაა. ეს არ ეხება მხოლოდ პასპორტის საკითხს, ეს არის თანასწორობა სხვა ქვეყნებთან. ვფიქრობ, რომ ეს არის ხელისუფლების და საქართველოს “რესპუბლიკური პარტიის“ ძალიან დიდი მიღწევა. ჩვენ ვისაუბრეთ უსაფრთხოების საკითხებზეც, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოს ამ ნაწილში, რომელიც ევროპასა და აზიას შორის მდებარეობს. ის ფაქტიც, რომ საქართველოში კოალიციური მთავრობაა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან სწორედ ასე მუშაობს დემოკრატია. ეს გვაჩვენებს საქართველოს დემოკრატიულ ფესვებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს “რესპუბლიკურ პარტიას“ და აქ ვართ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ქართულ დემოკრატიას ჩვენს პარტნიორ “საქართველოს რესპუბლიკურ პარტიასთან“ ერთად“, – განაცხადა „ლიბერალ ინტერნაციონალის“ პრეზიდენტმა, ჯული მინოვეს-ტრიქველმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები