„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები პრეზიდენტმა ვენეციის კომისიას დასკვნისთვის გადაუგზავნა

„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები პრეზიდენტმა ვენეციის კომისიას დასკვნისთვის გადაუგზავნა.
ამის შესახებ პრეზიდენტის თანაშემწემ უშიშროების საკითხებში, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ირინე იმერლიშვილმა განაცხადა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმედოვნებენ, რომ ვენეციის კომისია დასკვნას, შეძლებისდაგვარად, სწრაფად გამოაგზავნის, რადგან დოკუმენტზე ხელმოსაწერად პრეზიდენტს 10-დღიანი ვადა აქვს.
ირინე იმერლიშვილის თქმით, პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე კონსულტაციებს არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც გაივლის.
„გუშინ საღამოს, 7 საათზე, შემოვიდა საქართველოს პრეზიდენტთან „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებები. დღეს დილას პრეზიდენტმა უკვე გადააგზავნა ვენეციის კომისიაში დასკვნისთვის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ, შეძლებისდაგვარად, სწრაფად გამოაგზავნის ვენციის კომისია თავის დასკვნას აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით.
მანამ, სანამ საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას კანონთან დაკავშირებით, მოაწეროს მას ხელი თუ დაუბრუნოს მოტივირებული შენიშვნებით საქართველოს პარლამენტს, აუცილებლად, როგორც ითქვა, კიდევ ერთხელ გაივლის კონსულტაციებს არასამთავრობო სექტორთან.
მოგეხსენებათ, საქართველოს პრეზიდენტს აქვს 10 დღიანი კონსტიტუციური ვადა. ჩვენი მხრიდან თხოვნა იყო ვენეციის კომისიასთან წერილში, რომ, შეძლებისდაგვარად, სწრაფად იყოს გამოგზავნილი დასკვნა და იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა იმერლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები