“დღევანდელი პარლამენტის შემადგენლობა უძლურია საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად”

დღევანდელი პარლამენტის შემადგენლობა უძლურია საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად – არა მხოლოდ ოპოზიციის მიერ ინიცირებული კანონების, არამედ ხელისუფლების მიერ ინიცირებული კანონპროექტისაც, – ასე შეაფასა „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ, გერმანულ მოდელზე საუბრისას, დღევანდელი პარლამენტის საქმიანობა.
მისი განცხადებით, სწორედ ზემოთ ხსენებული მიზეზების გამო მოხდა გერმანული მოდელის ინიცირება, რადგან ის საკონსტიტუციო ცვლილებას არ მოითხოვს, თუმცა კაციტაძე მიიჩნევს, რომ დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ დაშლის შემდეგ, პარლამენტში საკმარისი რესურსია იმისთვის, რომ გერმანული მოდელი დამკვიდრდეს.
„ამ გარემოებებიდან გამომდინარე, ჩვენ ავამოქმედეთ სარეზერვო ვერსია, ანუ გერმანული ვარიანტი, რომელსაც არ სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილება. მისი გატანა ნაკლები კვორუმითაც შეიძლება – არ უქმდება ერთმანდატიანი მაჟორიტარულ ოლქები, მაგრამ არჩევნების შემდეგ ხდება მიღებული ხმებისა და მანდატების უზრუნველყოფა.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით ეს ძირითადი პრობლემაა. ჩვენ გქონდა გერმანულ მოდელთან დაკავშირებით კონსულტაციები, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც და მივედით იმ დასკვნამდე, რომ ახლა სწორედ ამ მოდელის გატანა და მასზე კონცენტრაციის გაკეთებაა საჭირო. ამისთვის, ერთი რამის გათვალისწინებაც იყო საჭირო, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ დაშლის შემდეგ, პარლამენტში შეიქმნა ახალი რეალობა, კერძოდ კი, უფრო დიდი სივრცე გაჩნდა ოპოზიციური ხმებისათვის – მოგროვების თვალსაზრისით. სწორედ ამის გამო, ჩვენ მივმართეთ საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს, რომ დაეწყოთ სათანადო პროცედურები გერმანული ვარიანტის დამკვიდრებასთან დაკავშირებით.
საპარლამენტო ოპოზიცია შეთანხმდა: „რესპუბლიკურმა პარტიამ“ „მოახდინა ამ კანონპროექტის ინიცირება, ახლა კი პრინციპში ის პროცედურები დაიწყო, რაც უნდა განხორციელდეს, კანონპროექტს 76 ხმა სჭირდება. ამ რიცხვს დაემატნენ „ქართული ოცნების“ წევრები – ისინი, ვინც ვერ ხედავენ საკუთარ თავს „ქართულ ოცნებაში.“ ამიტომ მე არ მიმაჩნია, რომ ეს არის უტოპიური გეგმა, რომელსაც ასრულება არ უწერია“,- განაცხადა კაციტაძემ.
აღსანიშნავია, რომ კაციტაძის ინფორმაციით, გერმანულ მოდელს ოპოზიციური პარტიებიდან მხარს უჭერს როგორც „რესპუბლიკური პარტია“, ასევე: „ნაციონალური მოძრაობა“, „ეროვნული ფორუმი“, „თავისუფალი დემოკრატები“ და ზოგიერთი მაჟორიტარი დეპუტატიც კი.
„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი აცხადებს, რომ მომხრეების რაოდენობა ჯამში 77 ხმას შეადგენს, თუმცა არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც რეზერვში მოიაზრებიან. ზოგიერთი მათგანი, კაციტაძის თქმით, „ქართულ ოცნებაზე“ განაწყენებულია, არ სურს, რომ გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა და გერმანული მოდელი მათთვის ამ სისტემის ერთგვარი შენარჩუნების საშუალებაა. „დანარჩენს, განსავითარებელი პერიპეტიები დაგვანახებს – თუ როგორ ჩაერთვება ბატონი ივანიშვილის რესურსი და რა გავლენას მოახდენს ის ამ ოპოზიციურ ერთობაზე საქართველოს პარლამენტში“,- განაცხადა კაციტაძემ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები