ოსმა შეიარაღებულმა პირებმა სოფელ სპეთში ამავე სოფლის ოთხი მკვიდრი დააკავეს
ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, ოსმა შეიარაღებულმა პირებმა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სპეთში ამავე სოფლის ოთხი მკვიდრი დააკავეს.
როგორც სოფელ სპეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა, გიორგი ლომაურიძემ განაცხადა, ოთხივე მათგანის დაკავება გუშინ საღამოს მოხდა.
“თავდაპირველად ხუთი კაცი დააკავეს. მათგან ერთ-ერთი – მოხუცი მაშინვე გაათავისუფლეს, ამბავი რომ ჩამოეტანა. ფუტკრის სკების ასატანად იყვნენ ე.წ. საზღვრის სიახლოვეს. ამ დროს შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ და დააკავეს. ამბობენ, ოსები იყვნენ და არა რუსი ე.წ. მესაზღვრეებიო. ცხინვალის იზოლატორში ჰყავთ ყველა”, – განაცხადა გიორგი ლომაურიძემ.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულის ოჯახის წევრებმა ე.წ. საჯარიმო თანხა უკვე გადაიხადეს და მათ გათავისუფლებას უახლოეს პერიოდში ელოდებიან.