“ეს დანაშაულებრივი აქტი ცხადყოფს, რომ აფხაზეთში არსებული ვითარება სრულიად უკონტროლოა”

ეს დანაშაულებრივი აქტი ცხადყოფს, რომ აფხაზეთის რეგიონში არსებული ვითარება არის სრულიად უკონტროლო და მომხდართან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის მხარეს, – ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სოფელ ხურჩაში მომხდარ მკვლელობას.
საგარეო უწყებაში ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობაზე საუბრობენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქართული მხარე გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო მექანიზმს, რათა დამნაშავეები წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე.
“საგარეო საქმეთა სამინისტრო შეძრწუნებულია 2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ფაქტით და თანაუგრძნობს გარდაცვლილი გიგა ოთხოზორიას ოჯახს და ახლობლებს. ეს დანაშაულებრივი აქტი ცხადყოფს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში არსებულ საგანგაშო ვითარებას და მომხდართან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ფაქტიური კონტროლის განმახორციელებელ ძალას. აღნიშნული მკველელობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებული აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას.
მომხდართან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ აცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატის თანათავმჯდომარეებს ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან და მოსთხოვა მათ შესაბამისი რეაგირება. ასევე შედგა სატელეფონო საუბარი ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს დავით დონდუა და რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელს გრიგორი კარასინს შორის.
ქართული მხარე გამოიყენებს არსებულ ყველა საერთაშორისო მექანიზმს, რათა მოხდეს შესაბამისი, როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი რეაგირება და დამნაშავეები წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები