“ხურჩაში მომხდარი მკვლელობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას კიდევ ერთხელ ადასტურებს”
დღევანდელი ფაქტი ცხადყოფს, რომ აფხაზეთში სიტუაცია არის სრულიად უკონტროლო, სრული პასუხისმგებლობა მომხდართან დაკავშირებით ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას, – ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ხურჩაში მომხდარ მკვლელობას.
მისი შეფასებით, მომხდარი ფაქტი ადასტურებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორც ცხინვალის რეგიონში, ასევე აფხაზეთში, აუცილებლად უნდა შეიქმნას უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები.
”დღეს მოხდა შემზარავი ფაქტი ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩის ხიდთან. ჩვენ შეძრწუნებული ვართ მომხდარით და თანაგრძობას ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახსა და მის ახლობლებს. ეს ცხადყოფს, რომ აფხაზეთში სიტუაცია არის სრულიად უკონტროლო და სრული პასუხისმგებლობა მომხდართან დაკავშირებით ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას.
მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმის აუცილებლობას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში აუცილებლად უნდა შეიქმნას უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
დავით დონდუას განცხადებით, ადგილზე იმყოფება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მას სატელეფონო საუბრები ჰქონდა ეუთოს, გაეროს და ევროკავშირის თანათავმჯდომარეებთან და, ჟენევაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელთან გრიგორი კარასინთან.
”ჩვენ პირველი დავუკავშირდით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ისინი უკვე ადგილზე იმყოფებიან და სწავლობენ სიტუაციას. მე, როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს, მქონდა სატელეფონო საუბრები სამივე თანათავმჯდომარესთან ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან. ასევე, მქონდა საუბარი ჟენევაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელ გრიგორი კარასინთან. ისინი საქმის კურსში ჩავაყენე და მოვთხოვე რეაგირება”, – განაცხადა დავით დონდუამ.
დღეს სოფელ ხურჩასთან, საქართველოს მოქალაქე გიგლა ოთხოზორია რუსმა მესაზღვრეებმა სასიკვდილოდ დაჭრეს.