ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 66-ე შეხვედრა გაიმართა.
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დაკავებების ფაქტებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე საუბარი ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უკანონოდ აღმართული მავთულხლართებით, ღობეებითა და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერებით შექმნილ მძიმე ვითარებას შეეხო, რომელიც ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის.
ქართულმა მხარემ ისაუბრა ოკუპირებულ სოფელ ხეითის ტერიტორიაზე ბონდო გოჩაშვილის საფლავის დარბევის ფაქტზე. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის მიერ სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258 მუხლის პირველი ნაწილითაა აღძრული.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენელთა მხრიდან მიიღეს დაპირება, რომ აღნიშნულ საკითხს დეტალურად შეისწავლიან და უმოკლეს ვადაში ინფორმაციას ქართულ მხარეს მიაწვდიან.
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააყენეს გორის რაიონის სოფელ ხურვალეთის მკვიდრის, 82 წლის დავით ვანიშვილის საკითხი, რომლის მიმართაც ბოლო პერიოდში საოკუპაციო ძალების მხრიდან ადგილი ჰქონდა გარკვეული სახის მუქარასა და ზეწოლას.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოხატა და გამოთქვა იმედი, რომ მსგავსი ქმედებები აღარ განმეორდება. შეხვედრაზე ასევე, განიხილეს საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საკითხი.