დიმიტრი ქუმსიშვილი: მე ვარ ეკონომიკის მინისტრი და ემოციებზე ვერ ვისაუბრებ

ეკონომიკის მინისტრს – დიმიტრი ქუმსიშვილსა და „რუსთავი 2“ -ის გადაცემების წამყვანებს – აკაკი გოგიჩაიშვილსა და გიორგი გაბუნიას შორის დასაქმებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში მწვავე კამათი გაიმართა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა გიორგი გაბუნია და აკაკი გოგიჩაიშვილი მიკერძოებულობაში დაადანაშულა.
როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, წინა წლებთან შედარებით მაჩვენებლები ბევრი მიმართულებით გაუმჯობესებულია, რის შესახებაც მან მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
„მე ვარ ეკონომიკის მინისტრი და ემოციებზე ვერ ვისაუბრებ, მოგახსენებთ ციფრებს, მოდით, დავიწყოთ უმუშევრობით. მინდა დაგისვათ კითხვა – თქვენ თუ იცით, რამდენი პროცენტი იყო უმუშევრობის დონე 2012 წლის ბოლოს და ჩვენი რამდენი მოქალაქე იყო უმუშევარი? – მე მოგეხმარებით და გეტყვით, რომ 2012 წლის ბოლოს უმუშევრობა იყო 15 პროცენტი, ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ 300 ათასი უმუშევარი გვყავდა. 2014 წლის ბოლოს უმუშევრობა იყო 12,4 პროცენტი და ეს იყო მინიმუმი ჩვენს ისტორიაში. ეკონომიკურ ზრდაზე ვილაპარაკოთ – თუ შევხედავთ 2004-2012 წლებში საქართველოსა და ჩვენს მეგობართა ჯგუფში არსებულ ზრდას, ნახავთ, რომ 2004-2012 წლებში აზერბაიჯანში ზრდა იყო 13,7 პროცენტი, სომხეთსა და საქართველოში 6,5 პროცენტი, თურქეთში 5 პროცენტი და ა.შ.
ახლა 2013-2015 წლები ავიღოთ – ჩვენთან არის 3,6 პროცენტი, თურქეთში ასევე 3,6 პროცენტი, სომხეთში 3,3, აზერბაიჯანში 3,2 პროცენტი, რუსეთში -0,6 პროცენტი და უკრაინაში -5,5 პროცენტი. ამიტომ როდესაც ჩვენ ეკონომიკურ ზრდაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება რომ ქვეყანა, მითუმეტეს, ღია ეკონომიკით განვიხილოთ დამოუკიდებლად და ვთქვათ, რომ იცით რა, ჩვენს ქვეყანაში რაღაც ხდება და ჩვენს გარშემო მდგომარეობას არ ვითვალისწინებთ“,- განაცხადა ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები