ზვიად კვაჭანტირაძე: ქართველი ხალხის და ქვეყნის ბედი არ იქნება დამოკიდებული მერაბიშვილსა და უგულავაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე ”ევროპის სახალხო პარტიის” წევრის, იაცეკ საირუშ ვოლსკის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქართველი ხალხის და ქვეყნის ბედი არ იქნება დამოკიდებული მერაბიშვილსა და უგულავაზე.
როგორც ზვიად კვაჭანტირაძემ ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ვოლსკის დღევანდელი განცხადება არ არის ევროპარლამენტის დეპუტატებისა და ევროსტრუქტურების პოზიცია და ის ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
”საქართველოს ხალხის და ქვეყნის ბედი არ იქნება დამოკიდებული მერაბიშვილსა და უგულავაზე. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ბატონი ვოლსკის დღევანდელი საქციელი საერთოდ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
ის, რასაც ბატონი საირუშ ვოლსკი ამბობს, აბსოლუტური სიცრუეა და მისი პირადი განწყობა, პირადი პოზიცია და ჩვენმა მაყურებელმა კარგად იცის, რომ ეს არ არის ევროპარლამენტის და ევროსტრუქტურების ოფიციალური პოზიცია.
რაც არ უნდა მოინდომოს საირუშ ვოლსკიმ და მისნაირად ანგაჟირებულმა ოპონენტებმა, ისინი საწადელს ვერ მიაღწევენ,” – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
სანამ საქართველოსთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება, უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები – ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა, – ამის შესახებ ”ევროპის სახალხო პარტიის” წევრმა იაცეკ საირუშ ვოლსკიმ ბრიუსელში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ”სახალხო პარტიის” დეპუტატმა აღნიშნა, EPP მოითხოვს, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლის საკითხი არჩევნების დასრულებამდე გადავადდეს.
”ქართველი ხალხი იმსახურებს უვიზო რეჟიმს, თუმცა საქართველოს მთავრობა ჯერ კიდევ არღვევს ევროპულ სტანდარტებს. ადგილი აქვს პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაკავებას. მაგალითად, როგორიც არის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ასევე თბილისის ყოფილი მერი.
ასევე, ადგილი აქვს დამოუკიდებელი ტელევიზიის, ”რუსთავი 2”-ის შევიწროებას.
ასე რომ, სანამ უვიზო რეჟიმი ამოქმედდება და სანამ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, საქართველომ ეს სტანდარტები უნდა გააუმჯობესოს. მხოლოდ ამის შემდეგ დაიმსახურებს საქართველო უვიზო რეჟიმს. ამისთვის კი უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. ამასვე ვითხოვდით უკრაინისგან, როდესაც ვითხოვდით იულია ტიმოშენკოს გათავისუფლებას.
ჩვენ ვითხოვთ მერაბიშვილისა და უგულავას გათავისუფლებას. ასევე ”რუსთავი 2”-თან დაკავშირებით სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას”, – განაცხადა EPP-ის წარმომადგენელმა იაცეკ საირუშ ვოლსკიმ, რომლის თარგმანსაც ტელეკომპანია ”იმედი” ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები