დავით უსუფაშვილი: „ქართული ოცნების” ზოგიერთი ლენინელის თუ სტალინელის განცხადება ბრიუსელში პრობლემას გვიქმნის

“ქართული ოცნების” ზოგიერთი არცთუ ნორჩი ლენინელი თუ სტალინელი მართლა გვიქმნის პრობლემას, იმიტომ რომ ბევრი მათი განცხადება გვხვდება აქ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა.
უსუფაშვილის თქმით, არსებობს სამი მცირე პრობლემა, რომელსაც გათვალისწინება სჭირდება.
”არის სამი მცირე პრობლემა, რომელსაც გათვალისწინება სჭირდება. პირველი – ეს არის ის გეოპოლიტიკური ვითარება, რაც შექმნილია რეგიონში და, ზოგადად, ევროპაში. ის კრიზისი, რაც გამოწვეულია არა საქართველოს გამო და არა საქართველოს მიერ, რა თქმა უნდა, ახდენს გავლენას მიმდინარე პროცესებზე. მეორე მცირე პრობლემა, რაც გვაქვს, ეს არის ყოფილი ხელისუფლების, სააკაშვილის გუნდის ერთი ნაწილის მცდელობა, რომ ევროპარლამენტში, კერძოდ, ”სახალხო პარტიის” წარმომადგენელთა ერთ ნაწილთან ჰქონდეს იმ ტიპის შეთანხმება, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი მიებას საქართველოში ”ნაციონალური მოძრაობის” პარტიულ და პოლიტიკურ ინტერესებს და მესამე – მცირე პრობლემა, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის ის, რომ ”ქართული ოცნების” ზოგიერთი არცთუ ნორჩი ლენინელი თუ სტალინელი მართლა გვიქმნის პრობლემას, იმიტომ რომ ბევრი მათი განცხადება გვხვდება აქ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადება. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ სამივე მცირე საკითხს სათანადოდ გავუმკლავდეთ”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები