გიორგი მარგველაშვილი: მე, პირადად, არასოდეს გავუკონტროლებივარ ივანიშვილს

მე, პირადად, არასოდეს გავუკონტროლებივარ ივანიშვილს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა france 24-ის ეთერში, პოლიტიკურ პროცესებში ბიძინა ივანიშვილის შესაძლო ჩართულობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“შემიძლია გითხრათ, რომ მე, პირადად, არასოდეს გავუკონტროლებივარ ივანიშვილს და ასევე არ მაქვს მასთან არანაირი კომუნიკაცია“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ჟურნალისტ რობერტ პარსონსის რეპლიკაზე, რომ “ ამის შედეგად, ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტის ცხოვრება საკმაოდ გაურთულა“, საქართველოს პრეზიდენტი ასე პასუხობს:

“ჩემი ცხოვრება რთულია ბოლო 47 წელია, ასე რომ, ამას არა უშავს. მე არასოდეს მქონია რაიმე საკითხზე ძალდატანება ბატონი ივანიშვილის მიერ. როგორც ჩანს, ის აქტიურია პოლიტიკურ ძალასთან (იგულისხმება „ქართული ოცნება“) ურთიერთობაში და ხანდახან განიხილავს საკითხებს მათთან ერთად“,- აცხადებს პრეზიდენტი და აღნიშნავს,რომ ეს დემოკრატიული პროცესის ნაწილია.

“ეს დემოკრატიული პროცესის ნაწილია. ის საქართველოს მოქალაქეა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და ეს ყოველივე არის თავისუფლების ნაწილი, რადგან მას ენდომება თუ სხვა ადამიანებს კომუნიკაცია მასთან, ეს თავისუფლებისა და დემოკრატიის ნაწილია. ვერ აუკრძალავ ვერცერთ პიროვნებას ჰქონდეს საკუთარი პოლიტიკური შეხედულება, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ძალიან გავლენიანია“, – აღნიშნავს გიორგი მარგველაშვილი.

france 24-ის ეთერში გიორგი მარგველაშვილს მისი წინამორბედის, მიხეილ სააკაშვილის შესახებაც დაუსვეს კითხვა, საპასუხოდ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის არ აპიირებს, განიხილოს უკრაინის მთავრობის წევრები.

“პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ მე არ განვიხილავ უკრაინის მთავრობის საკითხებს. ბატონი სააკაშვილი, ახლა ჩვენი მეგობარი ერის – უკრაინის მაღალი რანგის თანამდებობის პირია და ეს მეგობარი ერი ამჟამად ძალიან რთულ სიტუაციაშია და მე არ ვაპირებ, განვიხილო უკრაინის მთავრობის თანამდებობის პირები. ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინა ჩვენი დიდი მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენ მას ვეხმარებით საკუთარი დღის წესრიგის განვითარებაში. რაც შეეხება სააკაშვილს, როგორც პოლიტიკურ ფიგურას, ვფიქრობ, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, მოსწონს თუ არა და ან აინტერესებს თუ არა მისი პოლიტიკა, ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა. თუ მეკითხებით, მივცემდი თუ არა მას ხმას, გიპასუხებთ, რომ მე ხმას საკუთარ თავს მივცემ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები