ზაქარია ქუცნაშვილი: რაც უფრო ადრე ეცოდინებოდა ამომრჩეველს კენჭისყრის დღე, მით უფრო უკეთესი იქნებოდა
„ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა ზაქარის ქუცნაშვილმა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით პორტალ „კვირაში“ დღეს პრესკონფერენცია გამართა. მან საპარლამენტო არჩევნების თარირთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის დაგეგმილი თარიღი 8 ოქტომბერი მისაღებია, თუმცა მან კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ რაც უფრო მალე ეცოდინებოდა საზოგადოებას კენჭისყრის დღე, უფრო უკეთესი იქნებოდა.
„ადამიანებმა უნდა შეძლონ მათი პოლიტიკური კალენდრის დალაგება. ვგულისხმობ იმას, რომ აქტიური საარჩევნო უფლების გამოყენებისათვის მოქალაქეებმა შემოდგომა დაგეგმონ ისე, რომ იცოდნენ, როდის ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. ეს იმით განსხვავდება ადგილობრივი არჩევნებისგან, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ მათ შორის უცხოეთში მყოფ ადამიანებს, მათი რაოდენობა კი მილიონს აღემატება. ჩემი აზრით, 5 თვით ადრე საარჩევნო კამპანიის დაწყება მცირე დროა, უბრალოდ საარჩევნო კანონმდებლობის ნაკლი ის არის, რომ მთელი რიგი შეზღუდვები და უფლებები მიბმულია არჩევნების დანიშვნის თაობაზე პრეზიდენტის განკარგულების გამოცემასთან. წინასაარჩევნო კამპანია დაწყებულია. სუბიექტები ემზადებიან ამისთვის, თუ აკვირდებით, ისეთი პარტიები გამოჩნდნენ, რომ მანამდე თვალითაც არავის უნახავს. უფრო მეტიც, ყრილობების ჩატარებაც კი დაიწყეს. მიმაჩნია, რომ 5 თვე ცოტა არის. რაც უფრო ადრე იქნებოდა ცნობილი კენჭისყრის დღე, მით უფრო უკეთესი იქნებოდა“,-განაცხადა ქუცნაშვილმა.