რუსი ინვესტორები ახალგორის რაიონს ეწვივნენ
რუსი ინვესტორების დელეგაცია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ახალგორის რაიონს ეწვია. დელეგაციას თან ახლდა ოკუპირებული რეგიონის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი ანატოლი პლიევი, ე.წ. სოფლის მეურნეობის მინისტრი ვიტალი პლიევი, ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი ახსარ ლავოევი და „მელიორაციის“ დირექტორი ვლადიმერ ხუგაევი. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
ახალგორის რაიონში ჩასვლისას დელეგაცია რაიონში აგრობიზნესის განვითარების პირობებს გაეცნო. რუსული დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: „ოპორა როსიას“ მმართველთა საბჭოს წევრი ლეონიდ რაკოვი, საერთაშორისო ფონდის „მშვიდობა ომის გარეშე“ ვიცე-პრეზიდენტი და „საერთაშორისო საინვესტიციო სისტემების“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ალექსანდრე ვლასენკო, ფონდ „ალანის“ ვიცე-პრეზიდენტი მიხეილ შერბიკი, ასევე „მოსკოვის სამშენებლო მასალების კომბინატის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ანდრეი ჩიჟიკი.