“ჩვენ მზად ვართ, უფრო ინტენსიურად გავაგრძელოთ რეფორმების გატარება“

    საქართველოს დღევანდელი ამოცანაა ასოცირების შესახებ შეთანხმების დროული ხელმოწერა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე “ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან – პერსპექტივები და შესაძლებლობები” განაცხადა, რომელიც საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში” დღეს თავად გახსნა.
როგორც პრემიერმა განაცხადა, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი და მდიდარი ბაზრის – ევროკავშირის ბაზრის წვდომა მძლავრი იმპულსი იქნება ქართული ბიზნესის, ადგილობრივი წარმოების, ექსპორტის დივერსიფიცირებისა და განვითარებისთვის. “მჯერა, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს მიმზიდველობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ახალი ტექნოლოგიებისა და ნოუ-ჰაუს შემოსვლას, კონკურენტუნარიანი ადგილობრივი პროდუქციის გაჩენის სტიმულირებასა და სამუშაო ადგილების შექმნას. ამ შეთანხმების ხელმოწერით საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა ითანამშრომლოს ევროპის ქვეყნებთან ისეთ საკითხებში, როგორიცაა მდგრადი განვითარება, ტრანსპარანტულობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული ენერგეტიკის საკითხები. მომსახურებით ვაჭრობის სფეროში კანონმდებლობის დაახლოება შესაძლებლობას იძლევა განხორციელდეს მომსახურების ბაზრების შემდგომი ლიბერალიზაცია, რაც ითვალისწინებს ქართული კომპანიებისათვის ევროკავშირის შესაბამის ბაზრებზე დაშვების უკეთესი პირობების მიღებას. მიუხედავად იმისა, რომ არ იქნება ადვილი ევროკავშირში მოქმედი რეგულაციების საქართველოში დანერგვა, აღნიშნული პროცესი იმ სახელმწიფო ინსტიტუტების მოდერნიზაციისათვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომლებიც სავაჭრო პოლიტიკის საკითხებში არიან ჩართული. ეტაპობრივად უნდა მოხდეს მათი ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება, რაც ხელს შეუწყობს უფრო პროგნოზირებადი ეკონომიკური და ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ როგორც ქართული, ისე საერთაშორისო ბიზნე საზოგადოებები სათანადოდ გამოიყენებენ ამ ახალ რეალობებს. და რაც ყველაზე მთავარია, ეს სიკეთესა და კეთილდღეობას მოუტანს როგორც თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, ისე ქართულ ბიზნესს.
“ჩვენ მზად ვართ, უფრო ინტენსიურად გავაგრძელოთ რეფორმების გატარება და შევქმნათ მყარი საფუძველი ასოცირების შესახებ შეთანხმების განსახორციელებლად. ამასთანავე, ჩვენ მზად ვართ, დროულად დავასრულოთ „ასოცირების დღის წესრიგის” შემუშავება. გვჯერა, რომ ამ საქმეში სათანადო მხარდაჭერას მოვიპოვებთ ევროკავშირის მხრიდან. საქართველოს დღევანდელი ამოცანაა ასოცირების შესახებ შეთანხმების დროული ხელმოწერა. როგორც ჩვენი ევროპელი პარტნიორები და მეგობრები გვპირდებიან, სულ მალე, რამდენიმე თვეში დადგება ის დრო, რომელსაც ასე ელის ქართველი ხალხი – საქართველო ხელს მოაწერს თავის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ხელშეკრულებას. ჩვენი მხრივ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ მიზნის მისაღწევად. მე ახლახან დავბრუნდი ევროპიდან, სადაც შეხვედრები მქონდა ბატონ ბაროზოსთან და ბატონ რომპეისთან. მათ ჩემთან საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველო ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მოაწერს არაუგვიანეს ივნისისა“,-აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები