„ევროინტეგრაცია ჩვენი ქვეყნისთვის შეუქცევადი პროცესია“

  ჩვენ მზად ვართ არა მარტო იმისთვის, რომ ვიყოთ ევროპის მეზობელი, არამედ მზად ვართ, გავხდეთ ევროპული სამეზობლოს წევრი – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე “ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან – პერსპექტივები და შესაძლებლობები” განაცხადა, რომელიც საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში” დღეს თავად გახსნა. პრემიერის თქმით, ევროპულ იდეას მხარს უჭერს ქართველი ხალხი და ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია.
“უკვე არაერთხელ, სხვადასხვა ტრიბუნიდან და, მათ შორის, ყველაზე მაღალი ტრიბუნებიდან გაისმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა პოლიტიკური განცხადებები საქართველოს ევროპული არჩევანის, მისი საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ. დღეს კიდევ ერთხელ სიამოვნებით გავიმეორებ, რომ ჩვენი პოლიტიკური ხედვა – აქტიური ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია – არის ევროპის სახელმწიფოთა ოჯახში დაბრუნების გზა, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები. ევროპულ იდეას მხარს უჭერს ქართველი ხალხი და ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია. ეს იდეა დღეს უკვე საერთო ეროვნულ იდეად იქცა. ევროინტეგრაცია ჩვენი ქვეყნისთვის შეუქცევადი პროცესია. ჩვენ, ხელისუფლებასაც და ხალხსაც კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ სწორედ ევროპაშია საქართველოს ადგილი ვილნიუსის სამიტზე ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, ჩვენ გადავედით სრულიად ახალ ეტაპზე ევროკავშირთან ურთიერთობაში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ზუსტად ახლა დადგა დრო, ევროკავშირმა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რითაც გზას გაუხსნის ჩვენს გაწევრიანებას ევროკავშირში. დღეს უკვე სრულიად ნათელია, რომ, თუ ევროკავშირი არ მისცემს აღმოსავლეთის პარტნიორობის წარმატებულ ქვეყნებს გაწევრიანების მკაფიო დაპირებას, უკრაინის მსგავსი კრიზისები კვლავ იჩენს თავს. გამორიცხული არ არის, ასეთი კრიზისები უკონტროლო გახდეს და მთელი რეგიონიც კი მოიცვას. მინდა დავარწმუნო ყველა, რომ ჩვენ მზად ვართ არა მარტო იმისთვის, რომ ვიყოთ ევროპის მეზობელი, არამედ მზად ვართ გავხდეთ ევროპული სამეზობლოსწევრი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირში ეტაპობრივი ინტეგრაცია არის ჩვენი ქვეყნის როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედი. და ამისათვის ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ“,- განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, როგორც პრემიერმა განაცხადა, არსებული ხელისუფლების მიერ სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული რეფორმებით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. მისი თქმით, გარდა ძირეული დემოკრატიული რეფორმებისა, საქართველო სერიოზულ ნაბიჯებს დგამს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, ზოგადად, ეკონომიკის ზრდის კუთხით.
“ჩვენ წამოვიწყეთ და განვახორციელეთ ძირითადი რეფორმები პოლიტიკის, ეკონომიკისა და მართლმსაჯულების სფეროებში, რომლებიც მიზნად ისახავს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და სოციალური უზრუნველყოფის განმტკიცებასა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვას. ამ რეფორმების განხორციელებით ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. გარდა ძირეული დემოკრატიული რეფორმებისა, საქართველო სერიოზულ ნაბიჯებს დგამს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, ზოგადად ეკონომიკის ზრდის კუთხით. ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, არის მთავარი გეგმა, რომლითაც ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე. ევროკავშირთან პოლიტიკური დაახლოების გარდა, ეს შეთანხმება ეკონომიკური ინტეგრაციის უპრეცედენტო პერსპექტივას აძლევს ქვეყანას. ჩვენ მივესალმებით ვილნიუსის სამიტზე გახსნილ ახალ შესაძლებლობებს, მაგრამ ამავე დროს კარგად გვესმის ის გამოწვევები, რომლებიც ამ პროცესს ახლავს თან და მზად ვართ გადავლახოთ ეს სირთულეები. ამისათვის წამოვიწყეთ მთელი რიგი რეფორმები და დავსახეთ ღონისძიებები, რომლებიც აისახა საქართველოს მთავრობის პროგრამის ეკონომიკურ ნაწილში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო მზად არის განახორციელოს თანამიმდევრული რეფორმები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში, რათა ქვეყანამ მიიღოს მაქსიმალური სარგებელი“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები