მამუკა არეშიძე: იქმნება შთაბეჭდილება, რომ პუტინმა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დღისთვის დაიწყო მზადება

იქმნება შთაბეჭდილება, რომ პუტინმა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დღისთვის დაიწყო მზადება, – აღნიშნული განცხადება ექსპერტმა მამუკა არეშიძემ დღეს პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
იგი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტსაც შეეხო და განმარტა, რომ ამ მოვლენების პარალელურად, რუსთში საკმაოდ საინტერესო პროცესები მიმდინარეობს. არეშიძემ პანამის თემაზე გაამახვილა ყურადღება.
„რუსეთში საკმაოდ საინტერესო პროცესები მიმდინარეობს. ვგულისხმობ პანამის თემის ცნობილ სკანდალს, რომელიც პუტინის ერთგვარი გაფრთხილება უნდა იყოს.
უნდა ითქვას, რომ 2000 ოფშორული სივრციდან პანამა ერთ-ერთია. ასე რომ, როგორც ჩანს, მალე სხვა წყაროებიც გახდება ცნობილი და მათი ბენეფიციარებიც. ასე რომ, გააფრთხილეს პუტინი და, როგორც მოსკოვში ამბობენ, ამან გამოიწვია შემდეგი მოვლენები: რბილად რომ ვთქვათ, ყურადღების გარეშე დარჩა ის ხანძარი, რომელიც თავდაცვის სამინისტროში გაჩნდა. არ მოჰყოლია ამას დიდი შეწუხება. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ეს ვიღაცას სჭირდებოდა. თუმცა ასე პირდაპირ ხელის დადება რთულია.
მეორე შემთხვევა – პუტინმა, როგორც პრეზიდენტმა, დაიქვემდებარა ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ერთეულები. ასეთი რამ ქვეყნის ისტორიაში არ მომხდარა და მესამე, რამდენიმე დღეში ყოველგვარი მომზადების გარეშე შეიქმნა ბრძანებულება, რომელიც გულისხმობს ნაციონალური გვარდიის შექმნას, რომელიც პრეზიდენტს დაექვემდებარება. ნაციონალურ გვარდიაში შემავალი სამხედრო ერთეულები, მანამდე ეს იყო სხვადასხვა უწყების დაქვემდებარებაში, დღეს ყველაფერი გაერთიანდა ერთ უწყებაში და ის დაექვემდებარება პრეზიდენტს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რთულია ამის დასაბუთება, მაგრამ რაღაც მნიშვნელოვანი დღისთვის დაიწყო მზადება და ეს არის არა მხოლოდ ჩემი შთაბეჭდილება, არამედ რუსი ექსპერტებისაც“,-განაცხადა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები