ზვიად ძიძიგური: იმედი მაქვს, რომ არჩევნების თარიღთან დაკავშირებული იურიდიული ლაფსუსი აღმოიფხვრება

„კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარემ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა დღეს პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენცია გამართა, სადაც საპარლამენტო არჩევნების გამოცხადებას დადებითად გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, ასეთ შემთხვევაში პარტიებს უკეთესი შესაძლებლობა აქვთ, რომ უკეთ მოემზადონ და სწორად დაგეგმონ მათი საარჩევნო კამპანია. რაც შეეხება იურიდიულ ნიუანსს, რომლის გამოც, არჩევნები შესაძლოა, ოქტომბრამდე ჩატარდეს, ძიძიგურმა იმედი გამოთქვა, რომ ეს დეტალი მარტივად მოგვარდება.
„კარგია, რომ ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა იცის, არჩევნები ჩატარდება 8 ოქტომბერს. სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოველთვის პრობლემური იყო, როგორმე გაგვეგო, თუ როდის ჩატარდებოდა არჩევნები. ეს იყო თვითმმართველობის, საპარლამენტო, თუ ასე შემდეგ. 6 თვით ადრე რომ იცის პარტიამ, რომ არჩევნები იქნება, მას შეუძლია, რომ მისი ფინანსური და პოლიტიკური რესურსი სწორად გაანაწილოს და ასე დაგეგმოს მისი კამპანია.
ვფიქრობ, ერთგვარი პოლიტიკური ნოვაციაა, რომელიც საქართველოში რთულად მისაღწევი თემა იყო. რაც შეეხეება იურიდიულ ნიუანსებს, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კანონმდებლობით უნდა ჩაირთოს არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში რა პროცედურებიც მიდის. ამ პროცედურების თანახმად ჩვენ ოქტომბერში კი არ მოგვიწევს არჩევნების ჩატარება, არამედ ივნისში, ან ივლისში. ამიტომ, იურიდიულად აქ რაღაც ტიპის წინააღმდეგობასთან გვაქვს საქმე, მაგრამ გამოსავალი არსებობს და გამოსავალი ის არის, რომ პრეზიენტმა გასწიოს მისი დადგენილება და პრემიერმა მას არ მოაწეროს ხელი. ვფიქრობ, პრემიერის ადმინისტრაციის იურისტები შეჯერდებიან, თუ როგორი ვარიანტი იქნება უმჯობესი, რომ ეს იურიდიული ლაფსუსი აღმოიფხვრას“, – განაცხადა ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები