შემოდის თუ არა თურქეთიდან საქართველოში უხარისხო კარტოფილი – რას აცხადებენ შემოსავლების სამსახურში

თურქეთიდან საქართველოსა და კიდევ ხუთ ქვეყანაში ყოველდღიურად სულ 300 ტონა უხარისხო კარტოფილი გადის ექსპორტზე – შესაბამის თემაზე თურქული მედია სტატიას აქვეყნებს.
როგორც ერთ-ერთი გამოცემა წერს, თურქი ფერმერები კარტოფილის უხვი მოსავლის გამო მის გასაღებას ვერ ახერხებენ, საწყობებში დარჩენილი ტონობით უხარისხო კარტოფილი კი, რომელიც უნდა გადაეყარათ, ექსპორტზე სირიაში, ერაყში, ბულგარეთში, ბოსნია-ჰერცოგოვინასა და საქართველოში შედის.
გამოცემა წერს, რომ სეზონზე ხარისხიანი კარტოფილის ფასი 1,50 ლირაა, ახლა კი უხარისხობის გამო მისმა ფასმა 15-20 ქურუშამდე დაიწია.
მეტიც, ბოსტნეულის ექსპორტზე გატანის სტიმულირების მიზნით, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმეთ დავითოღლუმ გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითად ექსპორტზე გატანილ ყოველ ერთ ტონა კარტოფილზე სახელმწიფო ფერმერს დამატებით – 50 ლირას უხდის.
აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, თურქეთიდან კარტოფილის ექსპორტზე გატანის მაჩვენებელი გაიზარდა.
თურქეთის სახელმწიფოს ფერმერისთვის თურქეთში გაფუჭებული კარტოფილის საფასურის კონპენსაცია გაცილებით ძვირი დაუჯდებოდა.
გამოცემა წერს, რომ ყველაზე მეტი ოდენობის კარტოფილი თურქეთიდან სირიაში შედის.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე უხარისხო კარტოფილის სხვა ქვეყნიდან შემოტანის ალბათობას გამორიცხავენ.
როგორც “კვირას“ შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განუცხადეს, საზღვრებზე პროდუქცია მკაცრ, რამდენიმეეტაპიან კონტროლს გადის და თუ აღმოჩნდება, რომ პროდუქციის ხარისხი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან შესაბამისობაში არ მოდის, უკან, მომწოდებელ ქვეყანაში იგზავნება, ან ადგილზევე ნადგურდება.
“საქართველოს საბაჟო საზღვრებზე პროდუქცია გადის ფიტოსანიტარულ და ვეტერინალურ კონტროლს, რომელიც შედგება რამდენიმე ეტაპისგან. შესაბამისად, ვერანაირად ვერ შემოვა უხარისხო პროდუქტი სამომხმარებლო ბაზარზე. პროდუქცია საზღვარზევე გადის რამდენიმეეტაპიან შემოწმებას, თუ ამ შემოწმების შემდეგაც დარჩა გარკვეული ეჭვი, ხდება ნიმუშის აღება და იგზავნება ლაბორატორიაში. ამის შემდეგ თუ აღმოჩნდა, რომ პროდუქციის ხარისხი არ მოდის შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან, ის უკან იგზავნება ან ადგილზევე ნადგურდება“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
აღსანიშნავია, რომ 2013 წელს საქართველოში თურქეთიდან კიბოთი დაავადებული კარტოფილით დატვირთული კონტეინერი დააკავეს.
მაშინ სოფლის მეურნეობის იმჟამინდელმა მინისტრმა დავით კირვალიძემ განაცხადა, რომ სურსათის იმპორტზე კონტროლი გამკაცრდებოდა.
http://www.haberler.com

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები