კობა კობალაძე თანამშრომლებს გაეცნო და ხედვა წარუდგინა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ახალი დირექტორი კობა კობალაძე თანამშრომლებს გაეცნო, მათ თავისი ხედვა და გეგმები წარუდგინა.
,,ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლოა ამ თანამდებობაზე ყოფნა, რაც თქვენთან ერთად მაკისრებს დიდ ვალდებულებას, ყოველდღიურ რეჟიმში ვიზრუნო 70 000-ზე მეტ ვეტერანზე, რომელთა ურთიერთობებშიც გეგმაზომიერი და ყურადღებიანი უნდა ვიყოთ. ჩემთვის თითოეული ვეტერანი და მასთან დაკავშირებული პრობლემები თანაბრად მნიშვნელოვანია, ამიტომაც თქვენთან ერთად ვაგრძელებ მუშაობას“, -განაცხადა სამსახურის თანამშრომლებთან საუბრისას კობა კობალაძემ.
მან მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვისთვისაც ვეტერანები და მათთან დაკავშირებული საკითხები მნიშვნელოვანია და დასძინა, რომ საზოგადოების ამ ერთ-ერთ ყველაზე ღირსეულ ნაწილთან სათუთი მოპყრობის პარალელურად მათ უკეთეს ხვალინდელ დღეზე ზრუნვისთვის თავდაუზოგავი მუშაობაა საჭირო.
შეგახსენებთ, რომ კობა კობალაძე სამსახურის დირექტორად ორი დღის წინ დაინიშნა, მან ამ თანამდებობაზე ირაკლი შიხიაშვილი შეცვალა.