სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრი ბეგაშვილის შვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის მუნიციპალიტეტის სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ცენტრი საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მედიასაშუალებებში გამოქვეყნებულ ინფორმაციას დეზინფორმაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად აფასებს. საუბარია 26 მარტს შორენა ბეგაშვილის შვილის მე-5 სართულიდან გადმოვარდნის ფაქტზე, რომლის შესახებაც ერთ-ერთმა თვითმხილველმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების თანამშრომლები არაპროფესიონალიზმსა და გამოძახებაზე დაგვიანებით მისვლაში დაადანაშაულა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მტკიცებით, სამედიცინო ბრიგადა შემთხვევის ადგილზე გამოძახებიდან 10 წუთში მივიდა. რაც შეეხება ექიმების მიერ პაციენტისთვის აღმოჩენილი გადაუდებელი დახმარების პროცესის მიმდინარების საკითხს, თბილისის სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ შესწავლის სტადიაშია.
„31 მარტს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ერთ-ერთი მომხმარებლის ინფორმაცია, სადაც თბილისის სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე დაგვიანებით მისვლასა და გულგრილობაში იყო დადანაშაულებული. მოგვიანებით ეს ინფორმაცია რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომაც ისე გაავრცელა, რომ სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის ზუსტი ინფორმაციის მისაღებად არ მოუმართავს. საუბარია მოზარდ გოგონაზე, რომელიც მიმდინარე წლის 26 მარტს მე-5 სართულიდან გადმოვარდა.
როგორც სტატუსის ავტორი წერდა, სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადა ადგილზე 22-23 წუთის დაგვიანებით მივიდა. თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი აცხადებს, რომ ეს არის დეზინფორმაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ცენტრმა დეტალურად შეამოწმა ბრიგადის მოძრაობის გრაფიკი. როგორც დოკუმენტურად დადგინდა, აღნიშნული გამოძახება 26 მარტს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 18:32:37 საათზე მიიღო და პაციენტთან 10 წუთში მივიდა (მისვლის დრო: 18:42:14 სთ.). მოზარდს ადგილზე ჩაუტარდა პირველადი დახმარებისთვის აუცილებელი მანიპულაციები და 18.52-სთ-ზე დაიწყო პაციენტის ჰოსპიტალიზაციის პროცესი. რაც შეეხება ექიმების მიერ პაციენტისთვის აღმოჩენილი გადაუდებელი დახმარების პროცესის მიმდინარების საკითხს, იგი თბილისის სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ შესწავლის სტადიაშია”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები