გორის მერი: ირაკლი ოქრუაშვილის არ მეშინია
„არ მეშინია ირაკლი ოქრუაშვილის“, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა გორის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი გორის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩევლის, ირაკლი ოქრუაშვილის მუქარას.
როგორც „კვირას“ ზურაბ ჯირკველიშვილმა განუცხადა, იგი არ აპირებს ოქრუაშვილის მუქარის გამო სამართალდამცავებს მიმართოს. თუმცა, აცხადებს, რომ მრჩევლის დღევანდელი განცხადებით შესაბამისი ორგანოს წარმომადგენლები უნდა დაინტერესდნენ.
„არ მეშინია ირაკლი ოქრუაშვილის და არც არავისი მეშინია. არც მომისმენია, რა განცხადება გააკეთა. თუ ირაკლი ოქრუაშვილმა საჯარო სივრცეში საჯარო განცხადება გააკეთა და მუქარის შემცველი სიტყვები იყო, ვფიქრობ, შესაბამისი ორგანოები მოისმენენ და თვითონვე მიხედავენ“, – განუცხადა „კვირას“ ზურაბ ჯირკველიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გორის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი ირაკლი ოქრუაშვილი საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ გორის მერს დაემუქრა. ოქრუაშვილის თქმით, გორის მერი დინოზავრების პერიოდის გადმონაშთია.
“ქალაქის მერი არის იურული პერიოდის გადმონაშთი. მარტივად რომ ვთქვა, ეს არის დინოზავრების პერიოდი. ის არ ცხოვრობს ამ ქალაქში. მოწყვეტილია რეალობას, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება გარეთ. უნდა აირჩიოს, ან გამოვა კაბინეტიდან, გავა ქალაქში და გაინძრევა, ან მის კისერზე “დამოკლეს მახვილი” დაეშვება და მისი თავი ქალაქში გაგორდება. მისი არჩევანია, რომელს გადაწყვეტს”, – განაცხადა ოქრუაშვილმა.