ირაკლი ღარიბაშვილი ნორვეგიელ კოლეგას შეხვდა

   საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნორვეგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ ერნა სოლბერგს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, საუბრის ძირითადი თემა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაძლიერება იყო. მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზეც ისაუბრეს და ამ მიმართულებით მოქმედი ორმხრივი გეგმა განიხილეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ეკონომიკური მიმართულებით საქართველოსა და ნორვეგია შორის თანამშრომლობის ძირითადი სფერო ენერგეტიკაა. გამოითქვა იმედი, რომ ნორვეგიელი ბიზნესმენები საქართველოს ეკონომიკის სხვა სექტორებში ინვესტირებითაც დაინტერესდებიან. შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებასაც შეეხო. ხაზი გაესვა მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების მნიშვნელობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნორვეგიელ კოლეგას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და არაღიარების პოლიტიკისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები