სახელმწიფო უწყებების საექსპერტო მხარდაჭერის მიზნით 14 მლნ. ევროს საფინანსო შეთანხმებას მოეწერა ხელი

მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩი იანოშ ჰერმანმა 14 მილიონი ევროს ოდენობის საფინანსო შეთანხმებას („ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმი“ Technical Cooperation Facility – TCF) მოაწერეს ხელი.
მინისტრის აპარატის პრესსამსახურის ცნობით, შეთანხმება ასოცირების შეთანხმების, სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმისა და საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული რეადმისიის შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესში სახელმწიფო უწყებების საექსპერტო მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ევროკავშირის ფინანსურ დახმარებას, რომელიც წლების განმავლობაში ევროკავშირის სხვადასხვა სახის პროგრამებისა და ინტრუმენტების საშუალებით ხორციელდება.
2007 წლიდან ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს ინსტიტუციუნალური განვითარების პროგრამების დაფინანსება, რომელთა მიზანია საჯარო უწყებების ინსტიტუციური განვითარება.
“მას შემდეგ, რაც საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას, სახელმწიფო სტრუქტურები იღებენ შესაბამის დახმარებას ევროკავშირის მხრიდან, რათა ამ კანონმდებლობის, ამ ახალი სტანდარტის დამკვიდრებისთვის ვიყოთ მზად. ეს სხვადასხვა ფორმით ხორციელდება. ესაა TA-ის (ტექნიკური დახმარების პროგრამა) პროგრამები, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირის შესაბამის ქვეუწყებებთან მონათესავე ინსტიტუტები ახორციელებენ თანამშრომლობის პროექტებს, გამოცდილების გაზიარებას. ეს არის ტექნიკური დახმარების პროექტები, რომლის ფარგლებშიც უკვე კერძო კომპანიები ახორციელებენ შესაბამის მხარდაჭერას სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის”,-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები