„მესამე დესტრუქციული ძალა შეეცდება, ტრადიციული პოლიტიკური მოთამაშეები ჩაანაცვლოს“

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების შესახებ ისაუბრა. ნარჩემაშვილის თქმით, ფარული ჩანაწერების განადგურება ყოვლად დაუშვებელი იყო. ამ მასალების დაცვაზე სახელმწიფოს პასუხისმგებლობა უნდა აეღო და ინტენსიური გამოძიება დაწყებულიყო, თუ ვის მიერ იყო შექმნილი. შსს-ს ყოფილი მინისტრის განცხადებით, საქმე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილ სისტემურ დანაშაულთან გვაქვს, რომელსაც არა 1,2 ან 4 ადამიანი, არამედ მთელი ჯგუფი სჩადიოდა. ეს ადამიანები კი ხელფასს ამ დანაშაულებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროდან იღებდნენ.
„ფარული ჩანაწერების განადგურება ყოვლად დაუშვებელი იყო. ამ მასალების დაცვაზე სახელმწიფოს პასუხისმგებლობა უნდა აეღო და ინტენსიური გამოძიება დაწყებულიყო, თუ ვის მიერ იყო შექმნილი. ყველა საუბრობს, ვინ გაავრცელა, გამოძიებისთვის უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ვის მიერ იქმნებოდა ეს კადრები. ამ კადრების შექმნა 1,2 ან 4 ადამიანს არ შეუძლია. ეს უნდა იყოს კარგად ორგანიზებული, შესაბამისი ტექნიკით კარგად აღჭურვილი ჯგუფი, შესაბამისი აგენტურული ქსელით, კონსპირაციული ბინებით და ასე შემდეგ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო თავიდან ბოლომდე სისტემური საკითხი. ამას აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“ და პროფესიონალების გარკვეული ჯგუფი, რომელთა 99% შსს-ს შტატიანი თანამშრომელი იყო და ამაში ხელფასს იღებდნენ. ამ საქმის გამოძიება პრესტიჟის საკითხი და აუცილებელი იყო. ამ საქმეებს გამოუძიებელი არაფერი ჰქონდა,თუმცა სამ წელზე მეტი დაკარგეს. მათ ყველა დამნაშავისთვის კვალიფიციურად უნდა მოეთხოვათ ეს ყველაფერი. ხელისუფლება დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, როცა განადგურებულია ეს მასალები და გარკვეული ლეგიტიმაცია თავის თავს თავადვე მოუსპო. თუ მასალები განადგურებულია, რაზე უნდა დაიწყონ გამოძიება? ძალიანაც დიდი სურვილი რომ ჰქონდეთ და, მართლაც, რომ იყოს სადმე გადანახული ეს მასალები, ამაზე ოფიციალურ გამოძიებას ვეღარ დაიწყებ. ეს იმას ნიშნავს, რომ მოჭრა ის ტოტი, რომელზეც ზიხარ. ხელისუფლებამ ამ მასალების განადგურებით შეცდომა დაუშვა“, – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
ნარჩემაშვილის განმარტებით, აღნიშნული მასალების გავრცელებით, კონკრეტული ადამიანები, დესტრუქციული მესამე ძალის წარმომადგენლები ცდილობენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სისტემა ჩამოიშალოს და პოლიტიკური ველი მარგინალურ ძალას გაუთავისუფლდეს.
„საქმე გვაქვს მცდელობასთან, ჩამოიშალოს პოლიტიკური სისტემა. ეს არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას არ აწყობს. ეს არის მცდელობა, გააჩინონ უნდობლობა პოლიტიკური სისტემისადმი, პოლიტიკოსებისადმი, პარტიებისადმი… საბოლოოდ ეს გამოიწვევს ინდიფერენტულობას არჩევნებისადმი. მარგინალური ძალები შეეცდებიან, ტრადიციული პოლიტიკური ძალების ადგილი დაიკავონ. იქნება მიტინგები, აქციები, შეჭრები…. ამ ადამიანებს პერსპექტივაში ამოცანად აქვთ, რომ პოლიტიკური სივრცე გაათავისუფლონ ლეგიტიმური პოლიტიკური პროცესისგან, ამ დროს მესამე დესტრუქციული ძალა შეცდება, ტრადიციული პოლიტიკური მოთამაშეები ჩაანაცვლოს“, – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები