დღეს და ხვალ ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება

 ჟენევის მოლაპარაკებების 27-ე რაუნდზე, რომელიც დღეს და ხვალ გაიმართება, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულების აღება იქნება. ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა ტელეკომპანია “იმედთან” სატელეფონო ჩართვაში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის მოვლენების ფონზე, რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულების აღების საჭიროება განსაკუთრებულად იკვეთება.
“ასევე, პრიორიტეტული იქნება საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები, რომლის მნიშვნელობაც კიდევ უფრო იზრდება არსებული კონტექსტის ფონზე. რაც შეეხება ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების ჯგუფს, ჩვენ მწვავედ დავაყენებთ მავთულხლართების საკითხს”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
25-26 მარტს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება. საქართველოს დელეგაციის ტრადიციულად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი უხელმძღვანელებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე რაუნდზე, საქართველოს დელეგაცია კიდევ ერთხელ გამოხატავს მკაცრ პროტესტს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების გავლების განახლებასთან დაკავშირებით. ამასთან, საქართველოს დელეგაცია თანათავმჯდომარეების ყურადღებას გაამახვილებს უკანასკნელ პერიოდში რუსული სამხედრო ვერტმფრენების მიერ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები