პრემიერი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას მეგობრულ რჩევად აფასებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პროკურატურის მიერ მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას მეგობრულ რეკომენდაციად აფასებს. როგორც პრემიერმა ჰააგაში ქართველ ჟურნალისტებთან განაცხადა, ექსპრეზიდენტის პროკურატურაში დაბარება ჩვეულებრივი, დემოკრატიული პროცესია.
“აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არასწორად არ უნდა აღვიქვათ, ეს არის მეგობარი სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული რჩევა, რომ ეს პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს. მე აქ უკვე მეორე დღეა, ვარ და ჩვენ ამის თაობაზე საუბარი არავისთან გვქონია. არავის წამოუწევია ეს საკითხი. მე უბრალოდ არ მესმის, საიდან მომდინარეობს ეს ისტერიკა. ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი, დემოკრატიული პროცესია. მსგავსი რამ ხდება ევროპის შუაგულში, გახსოვთ, რომ კითხვები იყო საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტებთან, ვგულისხმობ, სარკოზის, ჟაკ შირაკს, ასევე იტალიის პრემიერ-მინისტრ ბერლუსკონის, რომელსაც 7 წელი მიესაჯა. საბერძნეთის ერთ-ერთი ქალაქის მერს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის გამო. ეს არის ნორმალური პროცესი, მით უმეტეს, რომ პროკურატურას საუბარი აქვს მძიმე დანაშაულებზე. ამაში ჩვენ არავისთვის არანაირი ეჭვის საფუძველი არ მიგვიცია. ჩვენ ამ პროცესს წარვმართავთ და ვხელმძღვანელობთ სრული გამჭვირვალობით და კანონის უზენაესობა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ ვინმე ცდილობს წარმოაჩინოს, რომ საქართველო საფრანგეთზე და იტალიაზე უფრო დემოკრატიული ქვეყანაა, ეს მგონი მცდარი მცდელობაა. არავინ არ უნდა მოგვთხოვოს, რომ უფრო მეტად კათოლიკები ვიყოთ, ვიდრე რომის პაპია”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები