ჯაბა ჯიშკარიანმა კერესელიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ჯაბა ჯიშკარიანმა რაიონის გამგებელთან, გელა არჩვაძესთან, სამაჟორიტარო ბიუროსა და გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად, მთაწმინდის რაიონში, კერესელიძის ქუჩაზე ქვაფენილის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
რამდენადაც ცნობილია, კერესელიძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები 1 მარტს დაიწყო და 20 მარტს დასრულდება. ქვაფენილის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები მთაწმინდის რაიონში კიდევ 6 მისამართზე იგეგმება, რომელთაგან ორზე, მთაწმინდისა და ნიაღვრის ქუჩებზე სავალი ნაწილი კაპიტალურად შეკეთდება.
დეპუტატის განცხადებით, აღნიშნულ მისამართზე 500 კვადრატულ მეტრამდე დაზიანებული ქვაფენილი შეიცვლება, ასევე შეკეთდება მიწისქვეშა კომუნიკაცია, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 65 000 ლარია გამოყოფილი.
ჯიშკარიანის ინფორმაციით, დეპუტატის ბიურო რაიონის გამგეობასთან ერთად მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგს პერმანენტულად ახორციელებს და პრიორიტეტებს მოსახლეობის თხოვნებისა და განცხადებების საფუძველზე, პრობლემის ადგილზე შესწავლის შედეგად განსაზღვრავს. ,,ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას და ვცდილობთ, მოსახლეობას მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში შესაბამისი დახმარება გავუწიოთ’’,- განაცხადა საკრებულოს წევრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები