თინა ხიდაშელი სახმელეთო ძალების წარმომადგენლებს შეხვდა

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი სახმელეთო ძალების წარმომადგენლებს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში და გენერალურ შტაბში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით დაიგეგმა.
დღევანდელი შეხვედრის თემას უშიშროების საბჭოზე წარმოდგენილი და საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული რეფორმა შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარებში აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობების ჩამოყალიბება წარმოადგენდა.
“პრეზიდენტის აქტით აღმოსავლეთ და დასავლეთის სარდლობების შექმნა განისაზღვრა და დაევალა უკვე თავდაცვის მინისტრს, ერთი თვის განმავლობაში ყველა შესაბამისი აქტის გამოცემა. აქტების გამოცემამდე და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეხვედრები გაიმართება პირად შემადგენლობასთან. დღეს იყო აღმოსავლეთ სარდლობასთან შეხვედრა. კვირას მივემგზავრებით ქუთაისში, რომ დასავლეთ სარდლობას შევხვდეთ და მათ ვესაუბროთ იგივე საკითხებზე. მათთან ერთად გავიაროთ ყველა თემა და ამ ერთობლივი კონსულტაციების რეჟიმში მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება. ამოცანა არის, რომ სარდლობები იყოს მაქსიმალურად მობილური და საბრძოლო კომპონენტის შემადგენელი ნაწილი, ნაკლებად ბიუროკრატიული და ფუნქციები მკაცრად იყოს განსაზღვრული, პასუხისმგებლობებზე მიბმული. ეს არის ყველაზე მთავარი თემა, რომელიც ამ წუთას არის ჯარში. არის განყოფილებები, დეპარტამენტები, სამმართველოები, რომლებიც ფუნქციონირებს, სადაც ადამიანები მართლა მუშაობენ, ოღონდ არანაირი პასუხისმგებლობები ამასთან მიბმული არ არის და ეს ბუნებრივად იწვევს ერთგვარ ქაოსს. სწორედ ამ ქაოსის დალაგებას ემსახურება ამ სარდლობების ჩამოყალიბება და გენშტაბსა და ბრიგადების ანუ ქვედა დონეს შორის ბალანსის შექმნა”, – განაცხადა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები