სოზარ სუბარი: ცვლილებების გარეშე ღმერთმა არ გვამყოფოს

დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას და ამბობს, რომ მან ძალიან მნიშვნელოვანი რამ გააჟღერა.
“პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრმა თქვა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია მთავრობის გუნდური პოზიცია, რადგან მთავრობა არის ერთიანი გუნდი. მართალია, თითოეული მინისტრი თავის უწყებას ხელმძღვანელობს, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღება ხდება გუნდურად, მთავრობაზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ჩვენგანი დეტალურად იყოს ინფორმირებული იმაში, თუ რა ხდება სხვა სამინისტროებში და გუნდურად ვიღებდეთ პასუხისმგებლობას ქვეყნის და ხალხის წინაშე”, – განაცხადა სუბარმა.
რაც შეეხება პრემიერის იმ განცხადებას, სადაც ის მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბრობდა, კვირიკაშვილმა განმარტა, რომ ცვლილებები ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა ამ ეტაპზე “ქართული ოცნება” ერთი კოალიციაა და გადაწყვეტილებებიც შესაბამისად ერთიანი იქნება.
“რაც შეეხება იმას, თუ როგორ გავა კოალიცია არჩევნებზე, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ჩვენ ვართ კოალიცია და თითოეული გადაწყვეტილება იქნება კოალიციური, ერთიანად მივდივართ, მაგრამ თუ რამე ცვლილება მოხდა, ესეც ჩვეულებრივი ამბავია. ამას წინათ, ნახევრად ხუმრობით ვთქვი კიდეც, რომ გაცილებით მნიშვნელოვანი კოალიციები დაშლილა და ბოლოს და ბოლოს ერთა ლიგა დაიშალა”, – განაცხადა სუბარმა.
ამ ეტაპზე სუბარი მთავრობაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს არ ელოდება.
“ამ წუთაში არანაირ ცვლილებებს არ ველოდები, არ იგეგმება, თუმცა ის, რომ მე არ ველოდები ან არ არის დაგეგმილი, არ ნიშნავს, რომ ხვალ, ზეგ რამე არ მოხდება. ცვლილებების გარეშე ღმერთმა არ გვამყოფოს. ცვლილება და განახლება მუდმივი და კარგი პროცესია. ეს არის საჭირო არა მხოლოდ გუნდისთვის, კოალიციისთვის, არამედ თითოეული ადამიანისთის, რომ მან თავისი ცხოვრების გაგრძელების სხვა ახალი გზა იპოვოს”, – განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები