დავით ბაქრაძე: იტალია საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარს უჭერს
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, დავით ბაქრაძემ იტალიაში გამართული შეხვედრის შემდეგ განმარტა, რომ უვიზო რეჟიმის მიღების გზაზე იტალია საქართველოს მხარს უჭერს.
სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბაქრაძე იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის მოადგილეს, ბენედიტო დელა ვედოვას და საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ევროპული კავშირის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელს, ჯუზეპე პუჩინო გრიმალდის შეხვდა.
შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის აქტუალური საკითხები განიხილეს. მინისტრმა მადლობა გადაუხადა იტალიის მხარეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.
„იტალია არის სახელმწიფო, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს უვიზო რეჟიმის მიღების გზაზე, უჭერს მხარს მის ევროპულ ინტეგრაციას და, რასაკვირველია, მის ინტეგრაციას ნატოში. განსაკუთრებით აქტუალური იყო ეს განხილვა ვარშავის სამიტის წინ”,-განაცხადა ბაქრაძემ.